რა ელის „ფეისბუკს“ 2019 წელს?

Read Time:4 Minute, 1 Second

ამ წლიდან კომპანია Facebook-ი მხოლოდ ბოდიშებით ვეღარ შემოიფარგლება, მას გარკვეულ საკითხებზე პასუხისგება მოუწევს. დიდი ალბათობით, მისი საქმიანობის რეგულირება რეალობად იქცევა. რად დაუჯდება ეს კომპანიას? რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი და როგორ აისახება ეს ყველაფერი ყველაზე პოპულარული სოცქსელის მომხმარებელზე? BBC იმის შესახებ წერს, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წლის განმავლობაში.

კომპანიას დიდი ჯარიმები ემუქრება

მონაცემთა დაცვის ირლანდიურმა კომისიამ დეკემბერში განაცხადა, რომ ბევრი დარღვევის გამო Facebook-ის საქმიანობის გამოძიებას იწყებს. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

„კომისია ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ კონკრეტულად რა ზომებს იყენებდა კომპანია Facebook-ი მომხმარებლების მონაცემების დაცვისათვის. თუ ეს ზომები არასაკმარისად ჩაითვლება, შეიძლება ძალიან მკაცრი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა მონაცემთა დაცვის სფეროში სპეციალისტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კეიტი კოლირიმ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონაცემთა დაცვის კომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაარღვია თუ არა Facebook-მა კანონი, კომპანიას შეიძლება ძალიან დიდ თანხად დაუჯდეს. მონაცემთა საერთო დაცვის შესახებ ახალი ევროპული კანონმდებლობის (GDPR) თანახმად, რომელიც 2018 წლის მაისში ამოქმედდა, ჯარიმამ შეიძლება „დამნაშავე“ კომპანიის გლობალური მოგების 4%-ს მიაღწიოს.

„ფეისბუკის“ შემთხვევაში ჯარიმამ შეიძლება 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

იმავდროულად, ირლანდიაში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისია სწავლობს, ასრულებს თუ არა კომპანია 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. დოკუმენტი უკრძალავდა კომპანიას მომხმარებლებისგან მკაფიო და არაორაზროვანი თანხმობის გარეშე, მათი პირადი ინფორმაციის შეგროვებას და გავრცელებას. „ფეისბუკს“ არაერთხელ უთქვამს მარეგულირებელი ორგანოებისთვის, რომ ამ შეთანხმებას ასრულებს. მაგრამ ფედერალურმა კომისიამ საკითხის დეტალურად შესწავლა მაინც გადაწყვიტა.

თუ კომისია კომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, Facebook-ს კოლოსალური ჯარიმა ემუქრება: შეთანხმება თითოეული დარღვევის შემთხვევაში დღეში 40 ათასი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, ცნება „დარღვევა“ შეიძლება „მომხმარებლის“ სინონომი გახდეს. აშშ-ში სოცქსელს 80 მილიონი მომხარებელი ჰყავს, რაც მარტივი გამოთვლით 3 ტრილიონი დოლარის ჯარიმას ნიშნავს.

სპეციალისტების თქმით, ეს ნაკლებად რეალური საფრთხეა, რადგან ფედერალური კომისიის მიზანი არა ამერიკული კომპანიების გაკოტრება, არამედ მათი იძულებაა დაიცვან კანონი, შესაბამისად, მათი აზრით, ჯარიმის მოცულობა მილიარდი დოლარი ან ოდნავ მეტი იქნება.

Facebook-ი შეიძლება 4 ფირმად დაიშალოს

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან. მიჩნეულია, რომ კომპანია Facebook-ი ძალიან დიდი და ძლევამოსილი გახდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმები WhatsApp-ი და Instagram-ი ასევე Facebook-ის საკუთრებაა, მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს, და რომც ჰყავდეს, კომპანია მას იყიდდა.

ჟურნალი New Statesman-ი წერს რომ Facebook-ი, სავარაუდოდ, კომპანიის უფრო პატარა ფირმებად დაშლისთვის ემზადება. ის ქირაობს ექსპერტებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თანახმად. საინიციატივო ჯგუფის Freedom from Facebook („ფეისბუკისგან თავისუფლება“) რეკომენდაციაა კომპანია ოთხ ცალკეულ ფირმად დაიშალოს. ესენია: Facebook, WhatsApp, Instagram და Facebook Messenger. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფი კომპანიას მომხმარებლების თანხმობის შემთხვევაში სხვადასხვა ქსელში პირადი ინფორმაციის გადატანის გაიოლების გზასაც სთავაზობს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობას პოლიტიკოსი უხელმძღვანელებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკ კლეგი უახლოეს დღეებში კორპორაცია Facebook-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად დაიწყებს მუშაობას. მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ოქტომბერში ითქვა.

„ლიბერალ-დემოკრატების“ ყოფილ ლიდერს კორპორაციული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ამიტომ ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვობს, რომ ახალ მოვალეობებს ის წარმატებით თავს ვერ გაართმევს. მიუხედავად ამისა, Facebook-ის მიერ ჟურნალისტებისთვის გამართულ საშობაო მიღებაზე მან თავისი ხედვების შესახებ ილაპარაკა.

მისი თქმით, ის თავის თავს ორი სამყაროს დამაკავშირებელ ხიდად აღიქვამს. ერთია პოლიტიკა, რომელიც მან კარგად იცის და მეორე – სილიკონის ველი, სამყარო რომელშიც მან მალე თავი უნდა წარმოაჩინოს. ის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი აზრით, ეს ბაზა თანამედროვე ტექნიკურ და ეთიკურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

ახალი რეგულაციები, რომლებიც სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც შეეხება

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ დროა Facebook-მა საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი აჩვენოს. კომპანიას არაერთხელ უთქვამს, რომ არ ეწინააღმდეგება რეგულაციებს იმ პირობით, თუ ეს გასაგები რეგულაცია იქნება, რომელიც არ შეზღუდავს მომხმარებლების ინტერნეტით ურთიერთობების შესაძლებლობებს.

რა ფორმებს მიიღებს სოცქსელების რეგულირებასთან დაკავშირებული ზომები 2019 წელს? ამის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის დემოკრატი სენატორის, მარკ უორნერის ანგარიში (უორნერი სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა). ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელების კონტროლი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აკადემიური წრეებისთვის, გაიზარდოს მომხმარებლების სხვა სერვისზე გადასვლის შესაძლებლობა და სრულად გამჭვირვალე გახდეს ის, თუ როგორ და კონკრეტულად ვის მიერ ინახება და გამოიყენება მომხმარებლების პირადი მონაცემები.

ამასთან, ლაპარაკია არამხოლოდ Facebook-ის, არამედ ყველა სოციალური ქსელის შესახებ, რომელიც აგროვებს და იყენებს პირად მონაცემებს.

ჯერჯერობით Facebook-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონს პატიოსანი რეკლამის შესახებ, რომელიც დაავალდებულებს ინტერნეტ-ვებგვერდებს შეატყობინონ მომხმარებლებს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი რეკლამის დაფინანსების წყაროების შესახებ. მაგრამ ეს არასაკმარის ზომად მიიჩნევა. ამერიკელმა კანონმდებლებმა იციან ახალი ევროპული კანონის GDPR-ის შესახებ და ფიქრობენ, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება მათ ქვეყანაშიც სასარგებლო იქნება.

მომხმარებლები უარს იტყვიან „ფეისბუკზე“

Facebook-ი განაგრძობს ახალი მომხმარებლების მოზიდვას, მაგრამ არა იმ ქვეყნებში, სადაც ის სკანდალებში გაეხვია. თუკი იმ მომხმარებლების რაოდენობით დავინტერესდებით, რომლებიც ქსელში ყოველდღიურად აქტიურობენ, აშშ-ში წინა წლის ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში ზრდა არ დაფიქსირებულა, ევროპაში კი მათი რაოდენობა შემცირებულია.

არავინ იცის, გაგრძელდება ეს პროცესი თუ არა. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები მომხმარებლებისგან, რომლებიც უარს ამბობენ Facebook-ზე. ხშირად ისინი თავიანთ ექაუნთებს სრულად არ აუქმებენ, უბრალოდ სმარტფონებიდან სოცქსელის აპლიკაციას შლიან.

უახლესი მონაცემები 30 იანვარს გამოქვეყნდება, როდესაც კომპანია თავისი ფინანსური შედეგების შესახებ მორიგ ანგარიშს და მასთან ერთადმ სტატისტიკურ მონაცემებს წარადგენს.

2018 წლის აპრილში, მალევე ფირმა Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალისშემდეგ, კომპანია Creative Strategies-მა Facebook-ის დაახლოებით 1000 მომხმარებელი გამოკითხა. რესპონდენტთა 31%-მა განაცხადა, რომ მომავალში სოცქსელს უფრო იშვიათად გამოიყენებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკის უხუცესი მცხოვრები ლესლი ბრაუნი 114 წლისა გარდაიცვალა
Next post პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და არც წევრად