პოლიციამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 10 პირი მისცა

Read Time:1 Minute, 58 Second

პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ხონსკის“ , 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს – 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

ჯეირან კინწურაშვილსა და თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ „კანონიერ ქურდობაში“, რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ვ.წ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი – „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია – ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია
Next post კახა კალაძე – საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მივა ბოლომდე იმ ადამიანების გარეშეც, რომლებიც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან