ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ “ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პირველი ოპერაცია ჩაატარა

Read Time:2 Minute, 6 Second

3 მარტს ამიერკავკასიაში პირველად “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. საზოგადოებისთვის ახლად დანერგილი მეთოდის გასაცნობად კლინიკაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ჩატარებული ოპერაციის, მისი მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც მედიკამენტებით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებათა სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდულობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება და პაციენტები გაცილებით დამოუკიდებელნი ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციით პარკინსონის დაავადების სიმპტომების მკურნალობა მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი დანერგვა საქართველოშიც აამაღლებს უამრავი პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად:

– ევროპის კლინიკებში ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაციის მინიმალური ღირებულება 40 ათასი ამერიკული დოლარია. ფასს უდიდესწილად განსაზღვრავს ის ტექნოლოგიები და აპარატურა, რომლებიც ერთჯერადად გამოიყენება ოპერაციის დროს. ამერიკულ კომპანია “მეტრონიქსთან” მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ოპერაციის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 70 ათას ლარს შეადგენს, – გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, “მეტრონიქსის” წარმომადგენლები პირველ ოპერაციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდი, ქირურგი და მთელი პერსონალი მზადაა ამ რანგის ოპერაციების ჩასატარებლად:

– ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდის დასანერგად მუშაობა 4-5 წლის წინ დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიების შეძენა სოლიდურ ფინანსურ ხარჯს მოითხოვდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი გუნდის მომზადებაც, რომელიც სათანადოდ წარმართავდა ამ ოპერაციას. “ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ქვეყანაში გაიარა სტაჟირება, რომ სრულფასოვნად შეესწავლა მეთოდი. დღეს ჩვენი კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მზად არიან ამ რთული მანიპულაციების ჩასატარებლად.

“ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსმა ლაშა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციები უზუსტეს ტექნოლოგიებს მოითხოვს, ამიტომ უახლესი და მაღალი ხარისხის აპარატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპერაციის წარმატებაში:

– კარგ შედეგს თანმიმდევრული მუშაობით შედეგად ვიღებთ, რაც პირველმა ოპერაციამაც დაადასტურა. მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ნევროლოგის, ანესთეზიოლოგისა და გუნდის შეწყობილი მუშაობა. ნეიროქირურგი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირამიდის მწვერვალია, – აღნიშნა ბატონმა ლაშამ. მან განგვიმარტა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს გულმკერდის მიდამოში, კანქვეშ, მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას, რომელიც ტვინში ელექტრონულ იმპულსებს გზავნის, ამგვარად ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც მოძრაობის დარღვევას იწვევს ან აკორექტირებს მათ. პაციენტის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეს მოითხოვს – ამ ხნის განმავლობაში ელექტროსტიმულატორის პარამეტრების მატების პროცესი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა პაციენტი ეფექტს პირველივე დღეებიდან გრძნობს.

კონფერენციის დასასრულს, როდესაც ოპერაციიდან ათი საათი იყო გასული, პაციენტმა, 36 წლის გოჩა ნიკოლეიშვილმა, დამოუკიდებლად შეძლო პალატიდან გამოსვლა და ჟურნალისტებთან შეხვედრა. მან მადლობა გადაუხადა “ავერსის კლინიკის” მედპერსონალს და აღნიშნა, რომ ქართველ პროფესიონალთა დამსახურებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შანსი, მათი ცხოვრების ხარისხმა საგრძნობლად აიწიოს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება
Next post დილის მონაცემებით, კარანტინში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი 31 პაციენტი იმყოფება