აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:5 Minute, 40 Second

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსმა, არნოლდ გეგეჭკორმა, დედამიწას სამჯერ შემოუარა, 40 წლის მანძილზე ფეხი ხუთ კონტინენტზე დადგა და ჩვენი პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა დალაშქრა. პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სამეცნიერო მივლინებებს ველზე ატარებდა, ასევე ერთადერთი ქართველი მეცნიერია, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში დადგა ფეხი. ნანახი და განცდილი დღიურებად აქცია და ბუნების თვითმყოფადი კადრები მხატვრული ოსტატობით აღბეჭდა ფოტოფირზე. 48 ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნისა და როგორც სამეცნიერო, ისე პუბლიცისტური ხასიათის 600-ზე მეტი ნაშრომის ავტორი 1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს უნივერსიტეტების გარდა ლექციებს მსოფლიოს ყველა კონტინენტის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კენიაში, გერმანიაში, ტანზანიაში, მექსიკასა და ეკვადორში კითხულობს. არაერთი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი და ორგზის ღირსების ორდენის კავალერი ათობით საერთაშორისო ფედერაციის, აკადემიისა თუ კომიტეტის წევრი გახლავთ. მიიჩნევენ სერგი მაკალათიას, ნიკო კეცხოველის, იაკობ გოგებაშვილის მიმდევრად.

არნოლდ გეგეჭკორმა შეისწავლა დედამიწის სხვადასხვა მდინარის, ტბისა და ჩანჩქერის სათავეები და დიდი უდაბნოები – საჰარა და ყარაყუმი. დაკვირვებები აწარმოა კალიფორნიისა და ტასმანიის ტყეებსა და მათ ბინადრებზე – ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე. იცხოვრა ავსტრალიის, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენებთან, ბინდიბუსა და მასაის ტომებთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობს. არ არსებობს საქართველოსა და მთელს კავკასიაში ხეობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და ზოოლოგიის კათედრის გამგეს ფეხით არ მოევლოს, არ შეესწავლოს და სტუდენტებისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის წიგნად არ მიეწოდებინოს.

ბატონ არნოლდს საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილების გარდა ბავშვისა და ბუნების ახლო კავშირის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრეთ.

 

– ბატონო არნოლდ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის, მისი მსოფლმხედველობის, ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის ბუნებასთან ხშირი კონტაქტი? რამდენად უწყობს ბუნებაში ხშირი გასეირნება ხელს მშობელსა და ბავშვს შორის კონტაქტის გაღრმავებასაც?

– ფსიქიკა გარემოში ყალიბდება. უფრო მეტიც, ორგანიზმის ყალიბსაც გარემო პირობები განსაზღვრავს. ადამიანი გონიერი არსებაა და მისი მენტალობა საცხოვრებელ გარემო პირობებში ყალიბდება. ერთხელ, ხევსურეთში ყოფნისას მუცოში ბებია და შვილიშვილები დავინახე. ერთხანს ბავშვები დაასვენა, თავად ყალიონი გააბოლა. ჰორიზონტზე თავშესაფრის მაგვარი არაფერი ჩანდა. მაინტერესებდა სად შეიძლებოდა წასულიყვნენ. დავაკვირდი და დავინახე, რომ კლდის მიწურში შევიდნენ. ისინი აქ 8-9 თვეს  ატარებენ, ბუნებასთან აბსოლუტურად შიშველი ხელებით… არა მხოლოდ რეგიონები, არამედ თითოეული ხეობის მოსახლეობა სხვა ხეობის მოსახლეობისგან ეთნო-ფსიქოლოგიურად განსხვავდებიან. რელიეფი და ბუნების სიმდიდრე ეთნოფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს. მოგეხსენებათ, საქართველოს 38 % ტყითაა დაფარული. ეს კი, სულიერებისა და ესთეტიზმის თვალსაზრისით წარმოუდგენელი სიმდიდრე გახლავთ. ის სულიერებაში იბუდებს და აუცილებლად წარმოჩინდება ვაჟას, გალაკტიონის სახით… მოზარდი, რომელიც თბილისში იზრდება და მოკლებულია სიმწვანეს, აქვე ,თბილისთან ახლოს, საბადურის ტყეშიც რომ გავიყვანოთ, სულიერ სამყაროს გაიმდიდრებს… ვაჩვენოთ, თუნდაც, სოკო, ფუტუროიანი, დიდვარჯიანი ხე. ლაგოდეხის ნაკრძალში შველს, ირემს ნახავს. სახლში რომ ვაჟას „ხმელ წიფელს“ ან „შვლის ნუკრის ნაამბობს“ გაეცნობა, შემდეგ კი მის ანალოგებს ვაჩვენებთ, ბავშვის ფსიქიკა მნიშვნელოვნად მდიდარი და მრავალფეროვანი გახდება. ბუნებაში გასვლა, აქტიური დასვენების ეს საუკეთესო ფორმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების აღდგენაში გვეხმარება. ცოცხალ ბუნებასთან კავშირი ყველა ნორმალური ადამიანის მოთხოვნილებაა, რადგან ადამიანი ცივილიზაციის პირობებშიც ბიოლოგიურ არსებად რჩება. ბუნებასთან მზარდი მოწყვეტის ახლანდელ პირობებში ადამიანები სულ უფრო მძაფრად გრძნობენ დაკარგულ სამოთხესთან ურთიერთობის განახლების საჭიროებას. ცოცხალი ბუნებისკენ ლტოლვის ერთ-ერთ გამოხატულებას ბინაში ეგზოტიკური ცხოველებისა და მცენარეების მომრავლება წარმოადგენს. მხოლოდ ასფალტზე გაზრდილი ბავშვი დედის ალერსს მოკლებული პატარას ტოლფასია. ასეთი ადამიანი არ გამოდგება ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რადგან მან მამულის, მიწის ფასი არ იცის. სხვათა შორის, რუზველტმა პრეზიდენტობის პირველივე ეტაპზე ამერიკის ყველა შტატი შემოიარა.  მიზნად საკუთარი ქვეყნის მიწის, ბუნებრივი პირობების შესწავლა ჰქონდა. ბუნების ესთეტიკური აღქმა ორგანულადაა დაკავშირებული პატრიოტიზმთან. რაც უფრო მშვენიერია მამული, მისი მიწა-წყალი, მით მეტადაა განვითარებული  ადამიანში ესთეტიზმი, მით უფრო ღრმადაა მასში მშობლიური მთა-ბარის სიყვარული – პატრიოტიზმის გრძნობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მტრის გარემოცვაში მოქცეული ერთი მუჭა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენისა. მშობლიური კუთხის პეიზაჟი ადამიანის გულთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა. თუნდაც ეს სხვა, ესთეტიკის თვალსაზრისით, მის მიწა-წყალს აღემატებოდეს.

-ამბობენ, საკუთარი ქვეყნიდან შორს წასული სხვაგვარად აფასებს თავის სამშობლოს… იმ სიკეთეებს, რასაც სამშობლოში მყოფი ხედავდა და ვერც ხედავდა, უცხო ქვეყნიდან მთელი სიცხადით ჩანს და შესაბამისად, მეტად დასაფასებელიც ხდება. როგორ შეაფასებთ ჩვენს მიწა-წყალს როგორც ნაყოფიერების, ისე ესთეტიკის თვალსაზრისით?

-საქართველო დედამიწის რუკაზე მხოლოდ ერთი წერტილია, მაგრამ ბუნებისა და კულტურის ძეგლთა უნიკალურობით ის ერთ-ერთი მოწინავე კუთხეა მთელ მსოფლიოში. ვისაც უნახავს საქართველო, არასოდეს დაავიწყდება მისი ბუნებრივი სიმდიდრეები: ზვიადი მთები, ნაზი და თბილი ზღვისპირეთი. ასეთ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე იშვიათად ქმნის ბუნება მსგავს კონტრასტებს: ტროპიკულ სიცხეს აჭარის მთისწინებში, გამყინავ ქარებს ღრუბლებს ზემოთ, მთათა მწვერვალებში. მათ შორის კი მწვანე ოკეანედ აქოჩრილა დიდებული და შთამბეჭდავი ტყეები – უზარმაზარი ხუთასწლოვანი კავკასიური სოჭები და ნაძვები, მუხნარები და რცხილნარები…არაერთხელ მითქვამს ჩოხით შემოსილს: ქართველი მამაკაცი ყველაზე მეტად ლამაზ ქალს, ლამაზ ცხენსა და ლამაზ მამულს უნდა უფრთხილდებოდეს, სამივე მათგანზე ხომ ათას კაცსა აქვს თვალი დადგმული-მეთქი?! რაც უფრო მშვენიერია მისი მიწა-წყალი, მით უფრო მეტადაა განვითარებული ადამიანში ესთეტიზმი, მით უფრო ღრმად აქვს ფესვი გადგმული მშობლიური მთა-ბარის სიყვარულს – პატრიოტიზმის გრძნობას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ურიცხვი და აგრესიული მტრის გარემოცვაში მოქცეული ერთი მუჭა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენისა, არა მარტო არსებობის შენარჩუნებისა, არამედ იმ სამი ღვთაებრივი საბოძვარის შემონახვისა, ენა, მამული და სარწმუნოება რომ ჰქვია. აქ ყველაფერი თვალწარმტაცი და ნაყოფიერია. ჩვენს ბარაქიან მიწაში ჩაგდებული ყოველი მარცვალი უცილობლად აღმოცენდება. ამიტომ ქართველ კაცს საარსებო საშუალების საძებნელად არსად წასვლა არ სჭირდება. ჩვენ ხომ არაფერი გვაკლია?! ბუნება ჭეშმარიტად ლამაზია მაშინ, როდესაც მასში სიცოცხლე ჩქეფს.

– თქვენს უნიკალურ ფოტოარქივს შევეხოთ… როგორ იქმნებოდა ის?

– ფოტოაპარატის გარეშე არსად მივდიოდი. ველზე სიარულისთვის საჭირო სხვა ნივთებთან ერთად სხვადასხვა ზომის 7 ფოტოაპარატი და ტელეობიექტივები დამქონდა, რაც ბარგს დამატებით 12 კილოგრამს სძენდა. ყველა სეზონზე, მინიმუმ, ერთი ტომარა ფირი მიგროვდებოდა. როცა შხარადან ჩამოსულმა მის ძირში უზარმაზარი შავი ლოდის ქვეშ 4 სიფრიფანა გვირილა დავინახე, გაოცებული ვფიქრობდი – როგორ შეიძლება ასეთმა ნაზმა მცენარემ ამხელა შავ ლოდთან ერთად იარსებოს?! ალბათ, ეს საოცარი კონტრასტი იცავს ამ ნაზ ყვავილებს შხარას ცივი კედლებისგან… გარდა ესთეტიკისა, ეს გახლავთ სიცოცხლისთვის ბრძოლის სიმბოლო. გაზიარების გარეშე ჩემი გული ამდენს ვერ დაიტევდა, სწორედ ამიტომ, ნანახს სხვებს ფოტოების საშუალებით ვუზიარებდი… ამ გამოცდილების სანაცვლოდ 22-ჯერ ბუზმა ცეცემ მიკბინა, არაერთხელ მალარიის გადამტანმა კოღომ. რამდენჯერმე გადავურჩი ასპიტისებრ გველს. გვატემალას ჯუნგლებში შხამიანმა მუხამ დამსუსხა და კანის წყლულით დაავვადდი. აფრიკის სავანაში კარავში ვცხოვრობდი. ვიგრძენი, რომ ვიღაც თუ რაღაც კარვის თოკს ეთამაშებოდა. ადგილობრივ თანმხლებს გავძახე, რა ხდება-მეთქი. მომიგო: „იძინე მშვიდად!“. გავაღე ბადიანი ფანჯარა და შორსმაშუქი ფანრის შუქზე 25 მეტრში დაწოლილი ლომი დავინახე, თავის ბოკვერებს ეთამაშებოდა. ერთ-ერთი მათგანი კი ჩემი კარვის თოკთან ერთობოდა…

-გამცილებელმა რატომ გიპასუხათ მსგავს სიტუაციაში ასე „პარადოქსულად“ – „იძინე მშვიდად!“

– დიახ, ასე ჟღერს, მაგრამ მან კარგად იცოდა რასაც ამბობდა. ასეა, კარავს აქვს რაღაც აუხსნელი, მაგიური ძალა – მტაცებელი ცხოველი შიგნით არ შედის. მხოლოდ, არანაირი სახის საკვები იქ არ უნდა დარჩეს…

– სხვადასხვა ადგილას, ალბათ, ბუნება განსხვავებულ  მუსიკას „უკრავს“…

– დიახ, მსგავსი „მუსიკა“ განსაკუთრებით ტყეში აღიქმება. ფოთლების შრიალი, ფაუნა, ჩანჩქერი, მდინარე – ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ადამიანი ამ მუსიკას ისმენს… ამის კლასიკური მაგალითი შტრაუსი გახლავთ. ტყე ბგერათა მთელი სიმფონიაა. იგი ხმაურობს ქარისგან, ჭრიალებს სიბერეში შესული ხეების ზროებისგან, მღერის ფრინველების ხმებით.

– თქვენი მრავალფეროვანი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროსთან ძალიან „ახლო“, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გქონდეთ, მისი სიმკაცრისა და ვერაგობის „წინააღმდეგ“ თქვენეული ტაქტიკა არ გაგაჩნდეთ… გაგვიზიარეთ…

-თუ დროს რაციონალურად ვერ გამოიყენებ, ვერასოდეს გააკეთებ დიდ საქმეს. სტუდენტობისას ბევრი რამ მიწყობდა ხელს რუსთაველის პროსპექტზე დამეღამებინა. მაგრამ როგორც კი გამოცდები მოახლოვდებოდა, დრო ჩერდებოდა, სივრცე იხურებოდა და არავის „დაძახილზე“ არ ვიხედებოდი… რაც უფრო ასაკში შევდივარ, ყოველი წამი უფრო და უფრო დასაფასებელი ხდება.

-რას ისურვებდით?

-ქართლსა და ქიზიყში გულგამომპალ ხეზე იტყვიან – დაყანდებულაო. გულით ვისურვებდი, დაე, არასოდეს დაყანდებულიყოს არც ქვეყნიერების, არც ჩემი მამულის „სიცოცხლის ხე“

შორენა ლაბაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები