მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს

Read Time:1 Minute, 48 Second

მსოფლიო ბანკის მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში.

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა.

„ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია.

აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის.

2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8-პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული“, – ნათქვამია პრესრელიზში.

სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა COVID-19-ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის
Next post ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს