მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი ოჯახისა და პროფესიის შესახებ

Read Time:2 Minute, 49 Second

პროექტ „ჯეოსტარის“ მონაწილე, ნათია ქოროღლიშვილი ახლახან ნანა ცინცაძის შემოქმედებით საღამოზე ვნახე, სადაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. შთამბეჭდავი იყო ნამღერის მიმართ დამსწრე საზოგადოების უკუკავშირი. როგორც მომღერალმა საუბრისას აღნიშნა, შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო მისთვის სწორედ მაყურებლის მხრიდან წამოსული სიყვარული, ოვაცია, ემოციაა…

ნათიასთან სიმღერის შესახებ დაწყებული საუბარი ბავშვობის გახსენებით, ოჯახური და პროფესიული ამბების მოთხრობით, ახლანდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრით გაგრძელდა…

ნათია, შენს პროფესიულ არჩევანზე ვინმემ იქონია გავლენა?

– მამა თვითნასწავლი მუსიკოსია. თითქმის ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე თანაბრად კარგად უკრავს. მუსიკის გარემოში გავიზარდე და ბუნებრივია, ამან შეუწყო ხელი ჩემს სამომავლო გადაწყვეტილებას. სიმღერა რომ დავიწყე, ექვსი წლის ვიყავი. მაშინ განათლებისა და კულტურის სამსახური გამორჩეულ ბავშვებს ხელს უწყობდა, რომ რაიონის სახელით სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. მათ რიცხვში მეც მოვხვდი და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა ხშირად მიხდებოდა. სხვათა შორის, არცერთი კონკურსიდან დამარცხებული არ წამოვსულვარ…

-ვიცი, რომ იგივე წარმატებით ცეკვავდი კიდეც…

-დიახ და ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება ცეკვასა და მუსიკას შორის. ანსამბლში თენგიზ სუხიშვილმაც კი მიმიწვია, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში გავთხოვდი და საბოლოოდ, ჩემი მომავალიც სიმღერას დავუკავშირე.

-გათხოვდი და ახლა საკუთარი შვილები, განსაკუთრებით კი 17 წლის ლელუკა მეგობარივით გყავს…

-დიახ, ლელუკა რომ გაჩნდა, 17 წლის ვიყავი. გიორგი, ჩემი მეუღლე მეზობელ უბანში ცხოვრობდა, ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩვენი ქორწინება მშობლების შეთანხმებით მოხდა. გამორჩეულად მეგობრული ოჯახი გვაქვს და ზოგჯერ, როცა სიმკაცრის გამოხატვაა საჭირო, აშკარად გვიჭირს (იცინის). ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სიმკაცრე ხშირად არ გვჭირდება, რადგან დამჯერი შვილები გვყავს.

– საინტერესოა, რა გგვრის შთაგონებას? მაშინ, როცა შემოქმედებითი ღონისძიებები იშვიათად ტარდება, შენ მაინც ცდილობ, სიმღერებს წერ, იხარჯები…

-გასაკვირი არ იქნება თუ ამის მიზეზად მხოლოდ იმას დავასახელებ, რომ უბრალოდ, საოცრად მიყვარს სიმღერა. სწორედ ეს არის შთაგონების მთავარი წყარო და გარდა ამისა, ბუნებრივია, ხალხის სიყვარული, რასაც მუდმივად ვგრძნობ. ვერანაირ სიამოვნებას ვერ შევადარაებ მომენტს, როცა სცენიდან ბედნიერ სახეებს ხედავ… ბოლო დროს სოციალური ქსელი ძალიან მეხმარება. წავიღიღინებ და ვიდეოს ჩავწერ ხოლმე. ჩემდა გასაკვირად მსგავსი ვიდეოები ისეთ გამოხმაურებას იწვევს, ვგრძნობ  რომ უკვე „შევივსე“, კარგად ვარ…

-უსამართლობას, ინტრიგებს არასოდეს შეუფერხებიხარ?

-უსამართლობა საკმაოდ ხშირია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველა სფეროში ასეა და არა მხოლოდ შოუბიზნესში. გარდა ამისა, ქილიკი, ჭორები… როცა „ჯეოსტარი“ დავტოვე, მახსოვს, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. უმეტესობა დადებითად აფასებდა ჩემს გამოსვლებს, მაგრამ ნაწილი ამბობდა, რომ ინგლისური სიმღერების შესრულება ვერ შევძელი და ამიტომაც, ღირსი ვიყავი, რომ პროექტი დავტოვე. მტკივნეულად მახსოვს ბავშვობაში ჩემზე გავრცელებული ჭორი. ვიღაცამ მოიგონა, ნათია კულისებში ტიროდა, ყელში სიმსივნე აღმოუჩინესო. რომ გავიგე, მართლა ბევრი ვიტირე, შემეშინდა, მართლა სიმსივნე ხომ არ მაქვს-მეთქი. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. დედას დიდი ძალისხმევა დასჭირდა დავერწმუნებინე, რომ ასე არ იყო. ადრე უფრო ვაქცევდი მსგავს ფაქტებს ყურადღებას, ბოლო დროს – ნაკლებად.

-საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– ვფიქრობდით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ბავშვებმა ძალიან განიცადეს. ახლა უკვე თავადაც აღარ წავალ. ვფიქრობ, ჩემს შვილებს გვერდით ახლა უფრო ვჭირდები. ლელუკას ჩემზე ახლო მეგობარი არ ჰყავს. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ვცდილობ, ყველაფერი მითხრას, გამანდოს. ჩემზე კარგად ვინ ურჩევს?! როცა მინდა დიდი ვარ, როცა საჭიროა, მისი ასაკის ვხდები…

-ახალ სატელევიზიო პროექტში, „მხოლოდ ქართული“, რატომ არ მიიღე მონაწილეობა?

-იცით, ბევრმა მითხრა, მომწერა, რომ ისურვებდნენ ჩემს ეკრანზე ნახვას და მთხოვდნენ პროექტში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ მგონი, არ ვიქნებოდი მართალი დამწყები მონაწილეების წინაშე. ალბათ, იგივეს იფიქრებდა მაყურებელთა ნაწილიც.

-ახლახან ნანა ცინცაძის შემოქმედებით საღამოზე რამდენიმე სიმღერა შეასრულე…

– ნანა ნოდიკო ტატიშვილმა გამაცნო. იმდენად „სულში ჩამისვა“, სულ მაოცებდა ჩემ მიმართ გამოხატული მისი თბილი ემოციები. ლექსებს სამარშრუტო ტაქსიში, მანქანაში, მეგობრების გარემოცვაში უცებ განმარტოებული წერს, საოცრად ნიჭიერი ქალბატონია. გაცნობის შემდეგ სახლში დამპატიჟა, ერთმანეთი ახლოს გავიცანით. მას შემდეგ ვმეგობრობთ, ბევრჯერ დამეხმარა, ჩემი შემოქმედებითი განვითარების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის.

-ნათია, პედაგოგობა არ გიცდია?

-გურჯაანის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად სამი წელი ვიმუშავე, მაგრამ თბილისში რომ წამოვედი, შევწყვიტე. ახლა ისევ გამიჩნდა ამის სურვილი და ალბათ, მალე ისევ დავიწყებ.

 

შორენა ლაბაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
Next post აგვისტოს ომის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს