მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 36 Second

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. პროექტზე მასწავლებლის სახლი მუშაობდა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში შევა.

კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება სქემაში? – ამის შესახებ „ლიბერალს“ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე, მანანა რატიანი ესაუბრა.

მისი თქმით, სქემაში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მოქმედი წესით, მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში 13 კრედიტქულას ვერ დააგროვებს, ის ამ სტატუსს კარგავს.

“მასწავლებლის სტატუსიდან ჩამოქვეითების შესახებ ჩანაწერი იცვლება. მასწავლებელი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, შემდგომ მისი ჩამოქვეითება აღარ იქნება შესაძლებელი. ამდენად ეს ჩანაწერი გაუქმდება და მასწავლებლებისათვის, რომლებმაც რაღაც სტატუსს მიაღწიეს და წინსვლას აღარ გეგმავენ, სტატუსის დაკარგვის შიში აღარ ექნებათ.

სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტების გარკვეული რაოდენობა (მაგალითად, უფროს მასწავლებელს 13 კრედიტქულა უნდა დაეგროვებინა და წამყვან მასწავლებელს -19) უკვე აღარ იქნება საჭირო. ისინი შეძლებენ სასწავლო პროცესზე და მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული იყვნენ”, – ამბობს მანანა რატიანი.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სქემაშია დაგეგმილი იმ დოკუმენტაციების შემცირებას ეხება, რომელიც მასწავლებელს საკუთარი საქმიანობის დასადასტურებლად უნდა მოემზადებინა.

„მასწავლებლების მოთხოვნით, გარკვეული პრობლემები იყო დოკუმენტაციის რაოდენობასთან დაკავშირებითაც. ამ ყველაფერს მასწავლებლები აქტიურად აპროტესტებდნენ. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, ეს პროცესი დაგვეხვეწა.

შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელიც მასწავლებლებმა თავიანთი საქმიანობის დასადასტურებლად საქაღალდეში უნდა ატვირთონ, შეიცვლება და თუკი 32 აქტივობაზე მთლიანობაში, რომელიც სქემის ფარგლებშია მოთხოვნილი, იყო 68-მდე დოკუმენტი მტკიცებულებად, ახლა ეს რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმალური რაოდენობა გახდა 40,” – ამბობს მანანა რატიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიხედვით, შეფასების ჯგუფს მასწავლებლის აქტივობის შეფასების საშუალება არა მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს ექნება, არამედ სემესტრულად, რაც მისი თქმით, დროში უკეთ გაანაწილებს შეფასების ჯგუფების და მასწავლებლის შრომას.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სქემაში შესვლის გზებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები? – მანანა რატიანი ამბობს, რომ სქემის დოკუმენტში შესვლის კომპონენტის თავი მთლიანად იქნება ამოღებული.

“ეს დარეგულირებული იქნება ზოგადი განათლების კანონით და სხვა უფრო ზემდგომი კანონით. სქემაში მასწავლებლის შესვლისა და გამოსვლის მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორც წინა სქემაში გაჩნდა ჩანაწერი, სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნის. ანუ სქემა ამ კომპონენტს თავიდან იცილებს”,- ამბობს მანანა რატიანი.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტი სამინისტროში უკვე გადაგზავნილია და შემდგომი ეტაპი მთავრობაზე წარდგენაა. იმედოვნებს, რომ ცვლილებები უახლოეს პერიიოდში იქნება დამტკიცებული, რის შემდეგაც ცვლილებების გაცნობის მიზნით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები