მარტი 29, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 42 Second

საქართველომ აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ჯამურად, რვა თვეში კი – $2.1 მილიარდი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა. აღსანიშნია, რომ რვა თვის მონაცემებში რუსეთიდან ტურისტების კონტრიბუცია 467.9 მლნ დოლარია, ბელარუსიდან – $189 მლნ, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი – $215 მლნ.

ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და მდგრადობაზე BMG ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს ესაუბრა.

– რამდენად მდგრადია ტურიზმის აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ვიზიტებში რუსეთი დომინანტია?

– ჩვენი ტურიზმის სტატისტიკა საკმაოდ დივერსიფიცირებული და რიცხვებს რომ ჩავხედოთ, ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რაზეც დიდწილად ვართ დამოკიდებული.

– თუმცა რუსეთი ლიდერია, როგორც რაოდენობრივ ჭრილში, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით…

– ვიზიტორების მიხედვით, დღევანდელ სტატისტიკაში რუსეთის წილი 23%-ია, რაც თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ დამოკიდებულება მაღალია, მაგრამ წილით მოწინავეა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებად ჩამოყალიბდა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები; გამოვყოფდი საუდის არაბეთს; ასევე გერმანიას, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა გვაქვს ევროპული მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი კი, გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც გვაძლევს იმ შედეგებს, რაზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, covid-პანდემიის შემდეგ აღდგენა სპეციფიკურია, რადგან ჩვენი სახმელეთო საზღვრები სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს; ასევე, მოგეხსენებათ, ავიაციას გლობალურად გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო ტურიზმის აღდგენის დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო შედეგი გვაქვს ტურიზმის შემოსავლებში – ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დადებითი და დამაკმაყოფილებელი ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკა ტურიზმში და მეორე მხრივ, ვხედავთ რომ შემოსავლებში გვაქვს ბევრად მაღალი აღდგენის დინამიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს მეტს და ჩვენი ეკონომიკა იღებს უფრო მეტს.

– ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ტურიზმს ნაკლებად ჰგავს – ვგულისხმობ რუსი მიგრანტების ეფექტს. IDFI-ის უახლესი სტატისტიკური დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ერთ თვეზე მეტ ხანს რჩება საქართველოში, რაც ტურიზმად ვერ ჩაითვლება..

– ფიზიკურად ვერ გამოვა ისე, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი დიდი გავლენა და ასე შეცვალოს ტურისტული შემოსავლების სტრუქტურა; მეორე მხრივ, გვაქვს ანალიტიკა, რომელსაც ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში წარვუდგენთ ჩვენს დარგს. ასევე, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მასტერქარდთან, საიდანაც ვიღებთ ძალიან საინტერესო ანალიტიკას და იქ ძალიან კარგად ჩანს მარტივი რაღაც – ფაქტობრივად, გაზრდილია ღამის თევების რაოდენობა, გაზრდილია საშუალო დანახარჯი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის შემოსავლებზე რომელიმე კონკრეტულ ერთ ქვეყანას აქვს ისეთი გავლენა, რომ ეს სტრუქტურა შეეცვალა, თუმცა გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ თითოეულ ტურისტულ ბაზარს თავისი ღირებულება აქვს.

– თქვენ ახსენეთ გერმანია, საიდანაც მაღალია ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპი, მაგრამ აღსანიშნია, რომ ჯამურ სურათს თუ შევხედავთ, TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანია და პოლონეთი გვხვდება, თან პოლონეთიდან ვიზიტების ნაკადი ჩამორჩება როგორც შარშანდელ, ისე 2019 წლის ანალოგიურ დონეს. რა არის მიზეზი?

– გერმანია და პოლონეთი ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა… გერმანიიდან ვიზიტორების ნაკადის აღდგენის ტემპი აიხსნება იმით, რომ შარშან წარმატებით დავხურეთ მოლაპარაკებები. შედეგად, სამი ახალი ავიაკომპანია გვყავს გერმანიიდან შვიდი პირდაპირი მიმართულებით; მართალია, გერმანიიდან ვიზიტორების 100%-იანი აღდგენა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულია გლობალურ ავიაციაში არსებულ ვითარებაზე, ვგულისხმობ ტრანზიტული სიხშირეების აღდგენას.

რაც შეეხება პოლონეთს, საიდანაც ვიზიტორების ნაკადი შემცირებულია (აგვისტოში), როგორც ვიცით, ამ ქვეყნიდან ნაკადები ქუთაისის აეროპორტიდან მოდიოდა ანუ პოლონეთიდან ტურისტების შემოყვანაში Wizz Air-ს ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ სწრაფად დაგვებრუნებინა პირველი და მეორე ბაზა. Wizz Air-ისთვის, საქართველო, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყო, სადაც მათ გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად რისკების აღება და ორი ბაზის დაბრუნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები