მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 58 Second

პირბადე მოვიხსენი, რადგანაც ჩემი სახე ახსენეს და მინდა, ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ, ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს, ბატონო გიგა, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას.

იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა ბოკერიას თანაპარტიელის, ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „წულუკიანს სძულს ადამიანები, სახეზე აწერია“.

„სად არის თქვენ გვერდით კოლეგა რომ იჯდა. ქალბატონი ირმა სად არის, თუ ინგა? ქალბატონი თინაც არ არის, ვინც ეს ნოტარიუსი ახსენა. მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არამცთუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ და აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომლებიც ქართულ კანონმდებლობაში არის გაწერილი, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით, მაგრამ, ვამბობ რა ამას, ვიტყვი, იმიტომ რომ, ხელმძღვანელმა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა სიტყვა მომცა და ეს ჩემთვის ვალდებულებაა, რომ სერიოზულად გაგცეთ პასუხი. უბრალოდ, მაინც ვიტყვი, რომ არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან, რომლის პოლიტიკურ ლიდერად არის უკვე ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ? აი, ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და დღეს საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე.

წადით, ბატონო გიგა, წადით, თქვენ ვერ აიტანთ ჩემს მონოლოგს. მიბრძანდით, მიბრძანდით, ტელევიზორი ჩართეთ, იქიდან უფრო ადვილად მომისმენთ. რაც შეეხება ნოტარიატს, მე მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს. არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ეს არის კანონის ჩანაწერი. მე არ ვაპირებ, როდესაც მე აქ წარვდგები თქვენ წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე იქნება, მაშინ ნებისმიერ კონკრეტულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. „კოვიდის“ და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერ ნოტარიუსს, ინსპექტირებისას თუ აღმოჩნდა, რომ მან დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება და ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ და ნუ მაფიქრებინებთ, მე რას ვფიქრობ ეს მეორეა, მაგრამ საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. ნუ აფიქრებინებთ ამას საზოგადოებას.

ეს არის, რაც მე ამ წუთში შემიძლია ვთქვა და არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვის არის, რომ თქვენ განგახილინოთ აქ, ამ ფორმატში, იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პიროვნულად როცა ჩემი უფლებამოსილებების ფარგლებში თქვენს წინაშე წარვდგები, მერე ნებისმიერი კონკრეტული ქეისით, უფრო მწვავე ან უფრო მშვიდ ტონში შეგვიძლია განვიხილოთ“, – მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები