,,ვიცოდი ეს მაშინაც, 15 წლის უკან და ცრემლები მახრჩობდა”

Read Time:1 Minute, 30 Second

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

,,მოგეხსენებათ, ბედის უკუღმართობის გამო მე ბოლო კლასი, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული ჩეჩნეთში, გროზნოში. ოღონდ მამაჩემის მხრიდან აუცილებელი პირობა გახლდათ, რომ ქართული  ენისა და ლიტერატურის პროგრამა ჩვეულებრივად უნდა მცოდნოდა… საქართველოდან კარგმა ადამიანებმა ჩამოგვიტანეს წიგნები, საკითხები და მამა თავად მამზადებდა  ამ საგნებში.

ადრეც მითქვამს, რომ მე მასთან ძალიან მოკრძალებული და დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა. ჩვენი თაობის მამა-შვილობაც ცოტა სხვანაირი იყო, ვიდრე დღეს. კარგი იყო ეს თუ ცუდი, მე თავად მქონდა ეს მორიდების შეგრძნება და არა იმიტომ, რომ ის ამას რაიმენაირად ითხოვდა, უფრო – პირიქით…

ერთერთ გაკვეთილზე აკაკის “განთიადს” გავდიოდით, რომელიც მან წამებით მოკლულ დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა. მახსოვს, ვიჯექი და ვკითხულობდი: მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა… მნათობი სხივებს მაღლით სცემს თავდადებულის საფლავსა… მე არ მქონია მისი აღქმა როგორც გმირის, მისტიური პერსონის, ან რაიმე ასეთისა. ჩემთვის ის უბრალოდ მამა იყო და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.

სრულიად მოულოდნელად, რაღაც ნებითა თუ განგებით, 17 წლის ბიჭს ცრემლი მომაწვა… ვკითხულობდი და საიდანღაც ვიცოდი, რომ ამ ლექსში მას ვუყურებდი, თითქოს დროის მანქანა ყოფილიყო ჩართული. და რაოდენ გასაოცარი უნდა იყოს, სიტყვასიტყვით  ახდა ეს ლექსი: “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო”… მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ახდა, როდესაც 15 წლის შემდეგ დაბომბილ, მიწასთან გასწორებულ გროზნოში ვიპოვე მისი საფლავი და სწორედ მთაწმინდაზე დაიდო ბინა… ვიცოდი ეს მაშინაც, 15 წლის უკან და ცრემლები მახრჩობდა. მახსოვს, რომ არ შეემჩნია რაღაც მოვიმიზეზე, ავდექი და გავედი ოთახიდან…

ამ ყველაფერმა  კიდევ ერთხელ გაიღვიძა  გუშინწინ, 31 მარტს, 2019 წელს, როდესაც ჩემი თხოვნით ნატო მეტონიძის საოცარი ხმა ისევ აჟღერდა –  “მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა”…

და როგორც ამ ღონისძიების მოკრძალებული ორგანიზატორი, კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერმა ასე დიდებულად, ტრაგიკულად და საზეიმოდ ჩაიარა ერთდროულად. მადლობა ყველა გამომსვლელსა და ხელოვანს, და სანამ ვიქნები ამქვეყნად, ეს დღე არ დამავიწყდება. მადლობა კახა კუკავას, რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილს ორგანიზებაში დახმარებისათვის და თბილისის მერიას, კახი კალაძეს, რომელსაც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, უკან არაფერზე დაუხევია!”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსახიობი ვიკა კალანდია ნეტფლიქსის სერიალში ითამაშებს
Next post ანტალიის გრან პრიზე ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია