ვისთვის არ შეიძლება ლეღვის ჭამა და რა ვიტამინებს შეიცავს ის

Read Time:1 Minute, 56 Second

ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასევე ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში, დაღესტანსა და ყაზახეთში, ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში.

მცენარე ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). ნაყოფი განსხვავებულია ზომით (პატარა, საშუალო და დიდი), ფორმით (მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, წაგრძელებული), ფერით (მოყვითალო, წითელი, თეთრი, შავი, ვარდისფერი და იისფერი). წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ არის.ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის ბაღისა თუ ტყისა (ანუ ველური), მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.

გრილ რეგიონებში ლეღვი შედარებით გვიან მწიფდება, ცივ ადგილებში საერთოდ ვერ ასწრებს დამწიფებას და ზამთრის მოახლოებისას ხეზე მისი უმწიფარი ნაყოფი რჩება. ამ უკანასკნელის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, უფრო მეტიც – სახიფათოა. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე – პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე – პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს.

თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-საც კი მიაღწიოს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად.

მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს.

ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: მე მაქვს სურვილი, რომ ეკლესიები ყოველ ღამით მოვაწყოთ თავშესაფრებად
Next post უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთი 52:12 დაამარცხეს