ვილი სანიოლი: საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ ხალხი ძალიან თბილია

Read Time:1 Minute, 43 Second

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ SO FOOT-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრების და ზოგადად, საქართველოს შესახებ ისაუბრა.

„ნორვეგიასთან მატჩამდე მონღოლეთს უნდა ვეთამაშოთ. ფედერაციას ვთხოვე, რომ ჩვენზე სუსტი ოპონენტი მოეძებნა, რათა ჩემი მოთამაშეებისთვის სათამაშო დრო მიმეცა, თუმცა მთავარი მიზანი ნორვეგიასთან მატჩია.

ჩვენს ჯგუფში ესპანეთი მთავარი ფავორიტია. ნორვეგიას ჰოლანდია ჰყავს. ასევე აქ არის შოტლანდია და ვიცი, თუ რამდენად რთულია გლაზგოში თამაში. კვიპროსიც არ უნდა ჩამოვწეროთ. არ ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ. ვიცი, რომ ჩვენი მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და ამ ჯგუფში ჩვენს როლს ვითამაშებთ.

ერთა ლიგაზე შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და 5 შეხვედრა მოვიგეთ, მათ შორის ორი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ იტალია ჰყავდა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვებული და გასულ ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა ნათამაშები. ჩვენმა გუნდმა წელს მეტი დინამიკა შეიძინა და დიდ პროგრესს განიცდის.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ნათამაშები მქონდა, საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამიკავშირდა, რომელსაც ბუნდესლიგაში ვხვდებოდი ფეხბურთელობის დროს. მან ეს პოზიცია შემომთავაზა და მეც სწრაფად დავთანხმდი.

მე შემოთავაზებული პროექტი მომეწონა, რადგან მასში საკმარისი დრო მექნებოდა გუნდის ასაშენებლად. გადავწყვიტე, რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ვფიქრობ, რომ გუნდისთვის მთავარია ქვეყანას, მის ტრადიციებს და კულტურას კარგად ვიცნობდე, რათა მოთამაშეებიც უკეთ გავიცნო. ქართული ენის სწავლაც ვცადე, თუმცა მოთამაშეებმა მითხრეს, რომ თავი დამენებებინა. პრეზიდენტს გერმანულად და ინგლისურად ვესაუბრები.

საქართველოში 7 თვე გავატარე. ეროვნული ლიგის და ევროტურნირების მატჩებს დავესწარი და ფედერაციასთან ერთად გავატარე დრო. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსების და თურქების მხრიდან ოკუპირებულია და საბჭოთა პერიოდი აქვს გამოვლილი. აქ ხალხი ძალიან თბილია. თუ მანქანის გასაღებს დაკარგავ და ერთი კვირის შემდგომ დაბრუნდები, მანქანა ისევ იქ დაგხვდება.

ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან. ჩემი მოსვლის შემდგომ, ჩვენ ძირეულად შევცვალეთ გუნდი და ასაკოვანი ფეხბურთელები ახალგაზრდებით ჩავანაცვლეთ. ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატიდანაც მყავს, ძირითადად „დინამო თბილისიდან“ და „დინამო ბათუმიდან“. ეს გუნდები საფრანგეთის ლიგა 2-ის დონის გუნდები არიან. ამიტომ ვუბიძგებ მოთამაშეებს უკეთეს გუნდებში გადასვლისკენ. მომავალში ისინი ეროვნულ გუნდსაც გამოადგებიან.

ის, რასაც კვარაცხელია იტალიაში აკეთებს, ექსტრაორდინალურია. მისი წყალობით ქართველებზე ინტერესი უფრო გაიზარდა. მახსოვს, როდესაც ის „რუბინიდან“ წამოვიდა, რამდენიმე ფრანგულ გუნდს მის შესახებ ვესაუბრე, თუმცა მისი აყვანა მათ არ სურდათ. დღეს უკვე ეს გუნდები აქეთ მირეკავენ, რომ მის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო“, – განაცხადა სანიოლმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი – პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც პასუხია, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით უსმენს პარტნიორებს
Next post რატი ბრეგაძე გიორგი ჩალაძეზე-საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ჭორაობაზე დაფუძნებული ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ შემოეტყუილა