დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

Read Time:1 Minute, 54 Second

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობდნენ „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალური მდივანი, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, ბანგლადეშის, ბულგარეთის, გვატემალის, ესპანეთის, კოსტა-რიკის, კოტ დივუარის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, მალტის, მაროკოს, მოლდოვის, მონტენეგროს, მონღოლეთის, პანამის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, სლოვენიის, უნგრეთის, ურუგვაის, შვედეთის, შრი-ლანკის, ჩილეს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები; ასევე ალბანეთის, არგენტინის, აშშ-ის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ეკვადორის, ელ სალვადორის, ესტონეთის, იაპონიის, ინდოეთის, იტალიის, კანადის, კორეის რესპუბლიკის, ლიეტუვის, მექსიკის, ნამიბიის, ნეპალის, ნიგერიის, ნორვეგიის, სენეგალის, სიერა ლეონეს, ტიმორ-ლესტეს საგარეო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდი საფრთხეების, მათ შორის, COVID-19 პანდემიის პირობებში და მათი თავიდან აცილების მიზნით, კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და საკუთრივ კოალიციის მთავარი მიზნების მიღწევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ამასთან, ქვეყნების დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ამ მიმართულებით სამოქალაქო ჩართულობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის, ქალებისა და გოგონების მონაწილეობის, გამჭვირვალობის, საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში ინოვაციების გენერირებისა და პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარების, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის მიღწევის დაჩქარების მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების განსაკუთრებულ როლზე.

ყურადღება გამახვილდა, ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ ახალი ტექნოლოგიების, დემოკრატიათა საზიანოდ გამოყენების შემთხვევებსა და ამ მხრივ მომდინარე საფრთხეებზე. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითად დასახელდა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები, რაც მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ არაერთხელ გამოცადა.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, ხაზი გაესვა მრავალმხრივი ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, კოალიციის ახალი სამუშაო ჯგუფის -„დემოკრატია და ტექნოლოგიები“ როლს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პატივია იყოს ხსენებული ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისა და მისგან მომდინარე საფრთხეების მინიმიზების კუთხით, გამოცდილების ურთიერთგაზიარება წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე, მონაწილე სახელმწიფოებს შორის წარმატებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ კოალიციის მმართველი საბჭოს წევრები პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
Next post იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა