დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე

Read Time:1 Minute, 38 Second

დღეს გაიმართება პარტია „ევროპული საქართველოს“ ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა რჩება პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში.

„მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, „ევროპული საქართველოს“ მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებსა და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევასა და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის.

ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს – დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლისა და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებსა და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება, რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას, მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება – დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას – ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.

უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და „ევროპული საქართველოდან“ წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო“, – წერს დავით ბაქრაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მადლობა, გვიყვარხართ უწმინდესო-თბილისში „უცნობის“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ საპატრიარქოსთან გადაინაცვლა
Next post კარლ ჰარცელი: დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ