აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 25 Second

დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, გზა, რომელიც ახლა „ევროპულმა საქართველომ“ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცენ სხვებს შესაძლებლობა განავითარონ პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულვიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო, როდის გაგწევენ.

პარტიას განახლება სჭირდება. განახლება, რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებასა და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა, რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე – მომავლისკენ.

მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად, რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ „ევროპული საქართველოს“ პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ.

მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიო. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, „ევროპულ საქართველოსთანაც“ ცივილური, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ.

პ.ს. ამ თემაზე აღარ ვაპირებ საჯარო საუბარს თუ დისკუსიას. შესაბამისად, მედიას უმორჩილესად გთხოვთ, ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოთ ამ განცხადებით. მადლობა“, – წერს გიგი უგულავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები