გვიცავს თუ არა არყით ხელების გაწმენდა კორონავირუსისგან — ყველაფერი, რაც ხელის სანიტაიზერების შესახებ უნდა ვიცოდეთ

Read Time:2 Minute, 13 Second

გვიცავს თუ არა არყით ხელების გაწმენდა კორონავირუსისგან — ყველაფერი, რაც ხელის სანიტაიზერების შესახებ უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის შესახებ საზოგადოების შეშფოთების ზრდასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე. ბალტიმორის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი ჯეფრი გარდნერი განმარტავს, რატომ არის ალკოჰოლი ხელის სანიტაიზერების მთავარი ინგრედიენტი და რატომ არ არის რეკომენდებული ასეთი საშუალებების სახლში დამზადება.

1. რატომ არის ალკოჰოლი ხელის სანიტაიზერთა უმეტესობის მთავარი ინგრედიენტი?

ალკოჰოლი ეფექტიანად კლავს სხვადასხვა ტიპის მიკრობს, როგორც ვირუსებს, ისე ბაქტერიებს, რადგან ის შლის და აქტიურობას უკარგავს მათ ცილებს. ეს პროცესი, რომელსაც დენატურაციას უწოდებენ, მიკრობს ასახიჩრებს და ხშირად კლავს, რადგან არღვევს მათ ცილებს.

ზოგიერთი ცილის დენატურაცია სიცხესაც შეუძლია. მაგალითად, როდესაც კვერცხს ხარშავთ ან წვავთ, გამაგრებული თეთრი ნაწილი დენატურირებული ცილაა.

2. ზოგიერთ მიკრობს ალკოჰოლი კარგად ვერ კლავს, რატომ?

არსებობს ბაქტერიისა და ვირუსის სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ზოგიერთს ალკოჰოლი უფრო იოლად კლავს. მათ შორის არის ნაწლავის ჩხირი (E. Coli) ბაქტერია, რომელსაც არაერთი ინფექციის გამოწვევა შეუძლია; მას ადვილად კლავს 60 პროცენტზე მეტი კონცენტრაციის მქონე ალკოჰოლი.

სხვადასხვა ტიპის ბაქტერიის გარსი ერთმანეთისგან განსხვავდება, რის გამოც, ალკოჰოლი ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ზოგიერთისთვის კი არც ისე.

ბაქტერიის მსგავსად, გარე საფარი აქვს ზოგიერთ ვირუსსაც, რასაც გარსს უწოდებენ, ზოგს ეს გარსი არ აქვს. ალკოჰოლი ეფექტიანია გარსის მქონე ვირუსების, მათ შორის კორონავირუსების მოსაკლავად, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანად კლავს გარსის არმქონე ვირუსებს.

მრავალი კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ ბაქტერიებსა და ვირუსებს ეფექტიანად კლავს 60 პროცენტზე მეტი კონცენტრაციის მქონე ალკოჰოლი.

3. არის თუ არა 100-პროცენტიანი ალკოჰოლი უკეთესი?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა. ცილის დენატურაცია (დარღვევა) უფრო სწრაფად ხდება, როდესაც ალკოჰოლში შერეულია მცირე ოდენობით წყალი. სუფთა ალკოჰოლი იმდენად სწრაფად ორთქლდება, რომ თქვენს კანზე არსებული ბაქტერიების ან ვირუსების მოკვლას ვერ ასწრებს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ჰაერის ტენიანობა შედარებით დაბალია.

გარდა ამისა, 100-პროცენტიანი ალკოჰოლი კანს გამოგიშრობთ და გაგიღიზიანებთ. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ხელების დეზინფექცია არ გაიკეთოთ იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა.

სწორედ ამიტომ შეიცავს ხელის სანიტაიზერთა უმეტესობა დამარბილებელ საშუალებებს, რომლებიც კანს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება.

4. კარგი იდეაა თუ არა ხელის სანიტაიზერის სახლში დამზადება?

პროფესორ ჯეფრი გარდნერის აზრით, არა. დასამზადებელი ფორმულების ნახვა ინტერნეტში ადვილად არის შესაძლებელი, სადაც ძირითადად არყის გამოყენებას გვირჩევენ. სასმელი არყების უმეტესობაში კი ალკოჰოლის შემცველობა 40 პროენტს არ აჭარბებს, რაც მიკრობების მოსაკლავად საკმარისი არ არის.

შეიძლება კარგი იდეა იყოს სპირტი, რომელსაც ჭრილობებისა და ნაკაწრების დასამუშავებლად იყენებენ, მაგრამ თუ სააბაზანოსთან ახლოს ხართ, უკეთესი არჩევანია ხელების დაბანა საპნითა და ცხელი წყლით.

5. აქვს თუ არა ვადა ხელის სანიტაიზერებს?

ბაზარზე არსებულ ხელის სადეზინფექციო საშუალებათა უმეტესობა სწორად შენახვის პირობებში ეფექტიანობას რამდენიმე წელიწადს ინარჩუნებს; ყველა მათგანს შეფუთვაზე აღნიშნული აქვს ვარგისიანობის ვადა.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი აქროლადია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ის ორთქლდება და სანიტაიზერი ვირუსებისა და ბაქტერიების ეფექტიანად მოკვლის უნარს კარგავს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ახლა, როცა ამ საშუალებებზე ასეთი მოთხოვნაა, თითქმის არ არსებობს იმის შანსი, რომ შემთხვევით ვადაგასული იყიდოთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება
Next post ძვირფასო ჟურნალისტებო… თავის მოკატუნებას, პეპლებს და იავნანას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იქნებ ერთი ხელის მოსმით ნუ გვამცნობთ ევროპის ამოჟლეტვას და მისი მოსახლეობის შეუქცევად გადაშენებას