გერმანიაში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა

გერმანიაში 27 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ ქალი გონს მოვიდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე მუნირა აბდულამ ქალა-ტვინის ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1991 წელს მიიღო, როდესაც ქალაქ ალ-აინის მახლობლად მის ავტომობილს ავტობუსი შეეჯახა. ავტომობილში მუნირასთან ერთად მისი ვაჟი ომარ ვებერი იმყოფებოდა, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო.

მუნირა ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი დიაგნოზის დასასმელად ლონდონში გადაიყვანეს. ექიმები ამბობდნენ, რომ მუნირა კომის მსგავს მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ტკივილს მაინც გრძნობს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააბრუნეს, სადაც ქალს ფიზიოთერაპიის კურსები უტარდებოდა, საკვებს კი მუნირა მილის საშუალებით იღებდა.

2017 წელს აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ ზაიდმა მუნირას შესახებ გაიგო და გერმანიაში მისი მკურნალობა დააფინანსა. ერთი წლის შემდეგ მუნირამ ხმა ამოიღო, რამდენიმე დღეში კი გაიღვიძა და ვაჟის სახელი წარმოთქვა.

მუნირა აბდულა აბუ-დაბიში ოჯახთან ერთად დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს.