მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 58 Second

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ. ოჯახი “ტვ პირველს” ცრუ ინფორმაციის გაშუქებაში ამხელს და ამბობს, რომ არხის საინფორმაციო სამსახური უკვე ერთ კვირაზე მეტია, ავრცელებს დეზინფორმაციას ვახოს შესახებ, – თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ახვლედიანის ოჯახი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან – ნოდარ მელაძისგან ითხოვს განმარტებას, – რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს.

“პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით “ტვ პირველზე” გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: “აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ.” რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: “აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ”.
ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი, სავარაუდოდ, ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება იყო. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და, “ტვ პირველზე” დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი. ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც. ვითხოვთ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან – ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით. იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს!” – აცხადებს ახვლედიანის ოჯახი.

https://postv.media/news/520/akhvledianis-ojakhi-tv-pirvels-chvenebis-falsifikaciashi-amkhels-?fbclid=IwAR3wOU9R4nbGOVmZ2N5DvVvO5r45lW56UEMD0oTv4F91HZFeezXX7b7bNyI

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები