ჩემმა ფეხმოჭრილმა ბიჭმა სულ ასკინკილა იარა გოლგოთის გზა….ის აღესრულა 2005 წლის 26 ივნისს

8 თებერვალს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრს მოუსმინა. ხმაურიან სხდომაზე ოპოზიციამ მიხეილ ბატიაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და გადადგომისკენ მოუწოდა. სხდომის დასასრულს სიტყვით ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია გამოვიდა. „როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“ – მიმართა ბაჩანა შენგელიამ მინისტრს. კომიტეტის სხდომას ნაციონალური მოძრაობის დროს სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებული პედაგოგი და ამჟამად, 131-ე სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე ესწრებოდა, რომელსაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება არ მიეცა. რა იყო სათქმელი, რომელმაც კომიტეტის სხდომიდან გამოსულს მთელი ღამე თვალი არ მოახუჭინა, ამის შესახებ „პროგრესნიუსს“ ხათუნა ენუქიძე ესაუბრა:

_ კომიტეტის სხდომიდან გულდამძიმებული გამოვედი. იმდენად ემოციურად დატვირთული ვიყავი, რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.. ოპოზიციის დეპუტატებმა განათლების მინისტრზე ისეთი იერიში მიიტანეს, რომ გულწრფელად გეტყვით, შეიძლება მის ადგილზე ვერ მომეთმინა.. როდესაც მინისტრს მიმართეს, თქვენ დედა გყავთო?  მინდოდა მეთქვა, ხმამაღლა მეყვირა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შვილები ჰყავდათ, როცა ასე მომექცნენ? ვინმეს ამართლებს, რომ ცოცხალი დავრჩი?!  დიახ, ბევრი მქონდა სათქმელი, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა, ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ..

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო ჩემი ერთადერთი ვაჟისთვის  დასმული დიაგნოზი-სარკომა! ორი წელი ვიწვალეთ მე და ჩემმა შვილმა, სად არ ვიარეთ, რა ღონეს არ მივმართეთ….ვიძიეთ, ვიკვლიეთ, მაგრამ ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდაც კი ვერ მოვიძიეთ უკვდავების წამალი…იმედს არ ვკარგავდი, ცალი ფეხით დამყავდა თორნიკე სკოლაში, მინდოდა თავი სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო…ჩემმა ფეხმოჭრილმა ბიჭმა სულ ასკინკილა იარა გოლგოთის გზა….ის აღესრულა 2005 წლის 26 ივნისს, 13 წლის ასაკში. გაჩერდა დრო…ცხოვრება, აზრი დაკარგა ყველაფერმა, სიცოცხლე დავგმე, არ მინდოდა ამქვეყნად ყოფნა. ჩემმა პატარა გოგონამ (7 წლის ბავშვმა მაინც ვერ გაიაზრა, რა მოხდა) არ დამანება: დედა მოითხოვა, საჭმელი, სასმელი, ალერსი-ყველაფერი საკუთარი წილი! ვერ გავექვეცი სინამდვილეს, სასოწარკვეთილ მეუღლეს, მცირეწლოვან ქალიშვილს და თორნიკეს ხსოვნას!

სამსახურზე გადავერთე, ბავშვებზე, რომელთა თვალებში ჩემ ბიჭუნას ვხედავდი, იქ მინდოდა ყოფნა, სადაც ჩემი თორნიკე დადიოდა, იმ კედლებში, სადაც ის სუნთქავდა, ცელქობდა, ხუმრობდა, იცინოდა…სწავლობდა.. იმ სკოლაში, სადაც მისი ფრიადოსნობის სურათი ეკიდა. არ ვიცი, იქნებ იქ მეგულებოდა ჯერ კიდევ თანატოლებს შორის, იქნებ ჩემ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ჩემი ნუკრისთვალება ბიჭი ჩემი სოფლის მიწას მივაბარე.

ამის შემდეგ დავდიოდი ყველგან, ყველა შვილმკვდარ დედას თანავუგრძნობდი და ნუგეშს ვაძლევდი.სწორედ ასე აღმოვჩნდი ჩემი სისხლით ნათესავის, ირინა ენუქიძის გვერდით. თანაგრძნობამ და გამწარებული დედის ტკივილმა გამოიწვია ჩემში პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის უსამართლობის მსხვერპლი გახდა სანდრო გირგვლიანი, დუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, გიორგი ვაზაგაშვილი და სხვა. აი, აქედან დაიწყო ჩემი პროტესტი-ოპოზიციური განწყობა არსებული ხელისუფლების მიმართ.

_ და ამ დროიდან გახდით სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიუღებელი..

_ დიახ. ჯერ ჩემს ირგვლივ არსებულ უსამართლობაზე ავიმაღლე ხმა, შემდეგ 2006-2007 წლებში, ,,აპრილის აქციებზე’’ სიარული დავიწყე. აქციები 5 საათის მერე იმართებოდა და საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, პირდაპირ სკოლიდან მივდიოდი. ერთ-ერთ აქციაზე სიტყვით გამოვედი და პედაგოგებს მოვუწოდე 20 ლარად არ გაეყიდათ საკუთარი სამშობლო და ბავშვების მომავალი. მეორე დღესვე დამიბარა დირექტორმა, აქციაზე კიდევ თუ გამოხვალ, იძულებული ვიქნები სკოლიდან გაგიშვაო. 2007 წლის საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნების დროს სკოლაში მივიყვანე ,,გაერთიანებული ოპოზიციის’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და დირექციის წნეხის მიუხედავად დავახვედრე 30-მდე პედაგოგი, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კომისიის წევრებად არჩევნების დროს, ასევე მეც გახლდით კომისიის წევრი კონსერვატორიული პარტიიდან 74-ე უბანზე, ჩემსავე სკოლაში, სადაც კომისიის თავმჯდომარე იყო ამავე სკოლის ლოტოტრონით არჩეული დირექტორი დავით ჯაგაშვილი, რომელიც ეხლაც 1 ოქტობრის არჩევნებზე,  იყო წარმომადგენელი საოლქო კომისიაში  ნაციონალური პარტიიდან. ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ორივე უბანზე არჩევნები ,,გაერთიანებული ოპოზიციციის’’  კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც დაკომპლექტებული იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აქტივისტებით, ჩემს მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, მისაფრდებოდნენ და ეძებდნენ რაიმე სახის ,,დანაშაულს’’, რომ შემდეგ გამოეყენებინათ.
_ გათავისუფლების ბრძანებაში პოლიტიკურ შეუთავსებლობას ვერ ჩაგიწერდნენ, ამიტომ საინტერესოა, რა გახდა თქვენი გათავისუფლების საფუძველი?
– ჯერ კომპიუტერის ქურდობა დამაბრალეს, მერე დიპლომის გაყალბება.  პროკურატურაში დაიბარეს ჩემი კურსელები იმის გასარკვევად ნამდვილად ვსწავლობდით ერთად თუ არა და ასე შემდეგ. სრულიად უდანაშაულო ადამიანს პროკურატურაში დაკითხვებზე დამატარებდნენ. დავით ჯაგაშვილმა არ გაითვალისწინა მშობელებისა და პედაგოგების  თხოვნა და 2008 წლის 1 სექტემბერს 37-ე მუხლით გამათავისუფლა. ამ ყველაფერს ხსნიდა იმით, რომ ,,ზემოდან’’ მიიღო დირექტივა!  სამეურვეო საბჭოზე ისიც კი ვთხოვე, ნუ გამიშვებ იმ სკოლიდან, სადაც ჩემი ცალფეხა შვილი სწავლობდა-თქო, მაგრამ… გამათავისუფლეს და მომაძახეს: ,,წადი და ირინა ენუქიძემ (რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო) და ლევან გაჩეჩილაძემ გიშველოსო’’. ამის შემდეგ სკოლიდან გამოუშვეს ყველა მასწავლებელი, ვისაც ჩემს მეგობრად მოიაზრებდნენ. მე კი არა, ჩემს გარდაცვლილ შვილსაც კი ომი გამოუცხადეს და საკლასო ოთახიდან მისი ფოტოსურათის ჩამოხსნა მოინდომეს, მაგრამ ბავშვებმა და მასწავლებლებმა არ დაანებეს..
_ როგორც მახსოვს, თქვენი მეუღლეც ამ დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან.
_  დიახ, „აირზენაში“ 1 კვირის დაწყებული ჰქონდა მუშაობა. როგორც კი გაიგეს, რომ ჩემი ქმარი იყო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  გაუშვეს სამსახურიდან. ჩემთვის ყველა კარი დაიკეტა. ადამიანები კეთროვანივით მიყურებდნენ და ჩემთვის გამარჯობის თქმის ეშინოდათ, თუმცა ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამ დროისათვის ერთ-ერთ კერძო სკოლას ხელმძღვანელობდნენ, არ გამწირეს და სამუშაო ადგილი გამომიძებნეს. ამის გაგებისთანავე, 76-ე სკოლაში დარჩენილი ჩემი კლასი მთელი შემადგენლობით (18 ბავშვი) ფასიან სკოლაში გადმომყვა.2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს, ეროვნულმა საბჭომ, რომელსაც ზვიად ძიძიგური ხელმძღვანელობდა, მე-13 ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. ეს რომ გაიგეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა , ჩემმა ყოფილმა დირექტორმა დავით ჯაგაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ჩემს წინააღმდეგ ახალი ,,საქმე’’ წამოიწყეს. პროკურატურაში საქმე აღძრეს შრომის წიგნაკის გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც ისეთივე აბსურდული იყო, როგორც წინა ბრალდება. ექპერტიზამ და გამოძიებამ დაამტკიცა , შრომის წიგნაკის ნამდვილობა, თუმცა ამანაც ვერ დააშოშმინათ.. არჩევნების დღემდე მიკავშირდებოდნენ და მემუქრებოდნენ – ციხეში ჩაგსვამთ, ერთი შვილი რომ გყავს მის თავს სადარბაზოში დაგახვედრებთო და ა.შ. აი, ეს არის ჩემი ტკივილით სავსე ისტორია. ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის იმაზე საუბარი იყო თუ არა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში დარღვევები, მაგრამ ბაჩანა შენგელიას ამაზე საუბრის საშუალება მაინც აქვს, იმის საშუალება აქვს, რომ კომიტეტის სხდომაზე მიიწვიონ და თავისი სათქმელი თქვას. მე განათლების სამინისტროში არ მიშვებდნენ და პარლამენტის წევრთან და კომიტეტის სხდომაზე ვინ მიმაკარებდა?! ბაჩანა შენგელია, როგორც თავად თქვა, 2001 წლიდან საჯარო სამსახურშია და მე საჯარო  კი არა, კერძო სკოლაში არ მაჩერებდნენ. სკოლის დირექტორი დაიბარეს და ენუქიძეს სკოლიდან თუ არ გაუშვებ, ავტორიზაციას გაგიუქმებთო . მე კომიტეტის სხდომაზე ორი წუთი დამითმეს და ნახევარი საათი ბატონმა ბაჩანამ ილაპარაკა. ნახევარი საათი კი არა ერთი წუთი არ ყოფილა, რომ ვინმესთან მივსულიყავი და ჩემი სათქმელი მეთქვა. ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა იმ დროინდელი პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია იყო, რომელმაც სამინისტროში წერილი გადააგზავნა, მაგრამ რა თქმა, უნდა აამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია! ვინ მიმიშვებდა პარლამენტში?! როდესაც იმდროინდელ განათლების სისტემას ვიხსენებ, სადაც დირექტივებს ნაციონალური პარტიის რაიონული შტაბი იძლეოდა, სადაც ავადსახსენებელი ლოტოტრონით არჩეული ყველა დირექტორი ნაციონალური პარტიის იდეების და სურვილების გამტარებელი იყო,  დანარჩენი პედაგოგები კი სამსახურის დაკარგვის შიშით და ტერორით შევიწროებულნი გახლდნენ, მინდა ვიკითხო, როდესაც დღეს იმ სისტემის შემქმნელები და მონაწილენი დღეს მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვენ, რამდენად სწორია? დასკვნის გაკეთება თქვენი მკითხველისთვის მიმინდია..

“პროგრესნიუსი”

Comments

კომენტარები