ვირუსებისა და დაბალი ტემპერატურების სეზონი ახლოვდება – წლის ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის მოძლიერება ყველაზე მეტად არის საჭირო. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე კარგი საშუალება კი ჩვენს დღიურ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვაა.

ცხადია, ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა, მაგრამ როგორ უნდა მივირთვათ ისინი ისე, რომ მათგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

შეიძლება არ იცით, მაგრამ ხილსა და ბოსტნეულს გათლისას სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი შორდება.

კანი სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით

ფოტო: YelenaYemchuk/Getty Images

კანის შემადგენლობა მცენარის მიხედვით განსხვავდება, თუმცა ზოგადად, კანგაუცლელი ბოსტნეული და ხილი უფრო მეტ ვიტამინს, მინერალს და სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე კანგაცლილი. უფრო მეტიც, კანიანი ვაშლი 332 პროცენტით მეტ K ვიტამინს, 140 პროცენტით მეტ A ვიტამინს, 115 პროცენტით მეტ C ვიტამინს, 20 პროცენტით მეტ კალციუმსა და 19 პროცენტით მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე გათლილი.

მსგავსად ვაშლისა, კანგაუცლელი მოხარშული კარტოფილი 175 პროცენტით მეტ C ვიტამინს, 155 პროცენტით მეტ კალიუმს, 111 პროცენტით მეტ ფოლიუმის მჟავას და 110 პროცენტით მეტ მაგნიუმსა და ფოსფორს შეიცავს, ვიდრე კანგაცლილი.

ბოსტნეულის კანი სავსეა ანტიოქსიდანტებით და უჯრედისით. ხილის კანში კი ანტიოქსიდანტების რაოდენობა 328-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რბილობში.

შესაბამისად კანგაუცლელი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა თქვენს ორგანიზმს ბევრად მეტი სასარგებლო ნივთიერებით მოამარაგებს.

თუ კანგაუცლელ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევთ, ნაკლებად მოგშივდებათ

ხილისა და ბოსტნეულის კანში შემავალი ნივთიერებები შიმშილის გრძნობას თრგუნავს.

ამას ძირითადად უჯრედისი (საკვები ბოჭკო) განაპირობებს. ხილში არსებული უჯრედისის მესამედი კანშია მოთავსებული. უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელ ფუნქციონირებასა და კუჭის მიკროფლორის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში უჯრედისით მდიდარ საკვებს მიირთმევენ, შიმშილს ნაკლებად გრძნობენ, რაც ზოგ ადამიანს წონის დაკლებაშიც კი ეხმარება.

ბოსტნეულისა და ხილის კანმა, შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი დაავადებებისგან დაიცვას

ხილისა და ბოსტნეულის კანი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმის დაცვა შეუძლია. ანტიოქსიდანტების მთავარი ფუნქცია ორგანიზმის არასტაბილური მოლეკულებისგან, ე.წ. თავისუფალი რადიკალებისგან დაცვაა.

ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები უჯრედებს აზიანებს და პოტენციურად დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

მაგრამ კანი, შესაძლებელია, პესტიციდებით იყოს დაბინძურებული

პესტიციდები ხშირად მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენება.

პესტიციდები იშვიათად მცენარეების რბილობშიც აღწევს, თუმცა ისინი ძირითადად მის გარე ზედაპირზე კონცენტრირდება. ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა პესტიციდების მოშორების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გარეცხვა ხილს პესტიციდების დაახლოებით 40 პროცენტს აშორებს. გათლა კი დაახლოებით 80-ს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხილსა და ბოსტნეულზე გამოყენებული პესტიციდების რაოდენობა კანონით არის დარეგულირებული და გარეცხვით მისი დიდი ნაწილი შორდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭამით მიღებული სარგებელი შესაძლოა მცირე რაოდენობით პესტიციდების მიღებით გამოწვეულ რისკზე მაღალი იყოს.

ყველა მცენარის კანი იჭმება?

ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის კანი შეიძლება რთული საჭმელი იყოს, ან სულაც არ იჭმეოდეს.

მაგალითად ანანასის, ნესვის, ბანანისა და ხახვის კანი საკმაოდ უხეშია და მისი მონელება ადამიანისთვის რთულია.

ციტრუსების კანი კი მწარეა, რაც მათ ჭამას არაკომფორტულს ხდის.

ხილი და ბოსტნეული, რომლის კანის ჭამაც არ შეიძლება

  • ავოკადო
  • ციტრუსები (გრეიფრუტი, ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი და სხვა)
  • ტროპიკული ხილი (ბანანი, ანანასი, მანგო და სხვა)
  • ნიორი
  • გოგრა
  • ნესვი
  • ხახვი

ხილი და ბოსტნეული, რომლის კანის ჭამაც შეიძლება

  • ვაშლი
  • გარგარი
  • სატაცური
  • კენკრა
  • სტაფილო
  • ალუბალი
  • კიტრი
  • ბადრიჯანი
  • ყურძენი
  • კივი
  • სოკო
  • ატამი
  • მსხალი
  • ბარდა
  • წიწაკა
  • ქლიავი
  • კარტოფილი
  • ყაბაყი

დასკვნა

კანი სავსეა ვიტამინებით, უჯრედისით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც მათ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნაწილად აქცევს.

ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულს ბუნებრივად მაგარი და უხეში კანი აქვს, რომლის ჭამა და მონელება რთულია. ასეთი ბოსტნეული და ხილი უმჯობესია, რომ გავთალოთ.

მცენარეების უმეტესობის კანი კი იჭმევა და როგორც უკვე ვთქვით, ის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.