საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები