საქართველოს პარლამენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენა „საგანძურს“ უმასპინძლა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს მიეძღვნა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„პარლამენტში ახალ კალენდარულ წელს ვხსნით ამ ლამაზი გამოფენით, როგორც ნიშანს იმისა, რაც გვაერთიანებს. ქართველებს და არა მარტო ქართველებს გვაერთიანებს კულტურა და ხელოვნება და მე მადლობელი ვარ მარიამ ჯაშის ამ კარგი ინიციატივისთვის, რომ ახალ წელს სწორედ ასეთი ღონისძიებით ვიწყებთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩვენ ვულოცავთ დაბადების დღეს ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დღეგრძელ და ყველაზე წარმატებულ პატრიარქს. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიება, პროექტის ავტორებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ქართველი ადამიანის შექმნილ კულტურულ მიღწევებს და ამავდროულად ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის არა მარტო ნაწილი, არამედ თავად ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი ერი“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

Comments

კომენტარები