სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, დისტანციური სწავლების ფორმატზე უნდა გადავიდნენ

სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, დისტანციური სწავლების ფორმატზე უნდა გადავიდნენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყება.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციური ფორმატით, 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება. სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სისტემა მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო ზაფხულში განათლების სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით. მინისტრის ბრძანებით, შექმნილია და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, ასევე ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და დღეს ორივე დოკუმენტი ყველა საჯარო სკოლას მიეწოდა. სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება და მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს ახლა სკოლები გაუწევენ ორგანიზებას. გარდა ამისა, პანდემიის გამო ზაფხულში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა „ტელესკოლის“ პროექტზე. ცხრილის მიხედვით, 1-ლი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე ჩაწერილია გაკვეთილი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი გაკვეთილები – სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სამინისტრომ ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი და სკოლას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღნიშვნა და შეფასება. სამინისტრო თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია აჭარის რეგიონში ნამყოფ 2010 მასწავლებელზე და სკოლებში დასაქმებულ ყველა ადამიანს ტესტირება ჩაუტარდება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

Comments

კომენტარები