სამი მასწავლებელი, რომლებმაც მოსწავლეების დახმარებით სამი ინოვაციური პროექტი შექმნეს

აბაშაში, სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის პრობლემა ფიზიკის გაკვეთილების გამოყენებით გადაჭრეს. პედაგოგმა ვაჟა ტეტუნაშვილმა სკოლის ეზოში ჭაბურღილის მოწყობაში მოსწავლეები ჩართო, მათ მექანიკის კანონებიც ასწავლა და ეკოლოგიურად სუფთა წყალიც მიიღო. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

„ჭაბურღილის მოწყობა მიწის სიღრმეში და ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიღება“ ეს პროექტი პედაგოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით გამართულ ფესტივალზე წარადგინა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. ფესტივალზე სულ 22 მასწავლებელმა 24 პროექტი წარადგინა

ფესტივალზე წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო გორის მე-8 საჯარო სკოლის ინკლუზიური პროექტი. პედაგოგმა ნინო ფსუტურმა ქაღალდის ნივთების დამზადებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც ჩართო.

რუსთავის 4-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა ყოჩაშვილმა კი მესამე კლასელების ბუნებისმეტყველებით დაინტერესება კომპიუტერული პროგრამა „მაინ კრაფტის“ გამოყენებით შეძლო. ბავშვებმა პედაგოგის დახმარებით ვირტუალურ სივრცეში თავად შექმნეს ადამიანის თვალის მოდელი და გაიგეს რატომ უნდა იყვნენ ფრთხილად და რატომაა საშიში თვალში რაიმე საგნის მოხვედრა.

ფესტივალის ჟიური რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა პრეზენტაციებს და 24 პროექტს შორის ვაჟა ტატუნაშვილის, ნინო აბესაძის და ქეთევან ტატიშვილის პროექტები შეირჩა.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც სამი ქართველი პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას, 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება.

Comments

კომენტარები