საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ, ნატოში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთთავსებადობას. ეს არის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენდა საამაყოდ ყოველწლიურად გაზრდილი წარმატებით ვაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სწავლების “მტკიცე სული 2021” დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ჩატარებული წვრთნები რეგიონში საქართველოს მნიშვნელობას მკვეთრად უსვამს ხაზს.

“საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ, ნატოში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთთავსებადობას. ეს არის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენდა საამაყოდ ყოველწლიურად გაზრდილი წარმატებით ვაღწევთ. საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების, მშვიდობის გამტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს კარგად აქვს გათვითცნობიერებული. ჩვენს მიერ არჩეულ, ნატოში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობითა და გაძლიერებით ვამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია. დღევანდელი დღე არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც ისინი მომავალში საქართველოს რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია. გარწმუნებთ, რომ საქართველო და მისი ჯარისკაცები მომავალშიც ღირსეულად გაგიწევენ სანდო და საიმედო პარტნიორობას და ძალისხმევას არ დაიშურებენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენების პროცესში ღირსეული წვლილის შეტანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Comments

კომენტარები