როგორი იქნება განახლებული ბულვარი ურეკში, რომლის სამუშაოებიც 5 მლნ ლარზე მეტი ჯდება (+ფოტო)

მთავრობა ურეკში ბულვარის განახლებას გეგმავს.

კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 627 316 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საგარანტიო ვადად სამუშაოების დასრულებიდან 365 კალენდარული დღე განისაზღვრა. სამუშაოების ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყობა მათ შორის: დეკორატიული გამწვანება და მოსასვენებელი ზონები, ფეხით მოსიარულეთა და ველობილიკები.

„პროექტი მოიცავს ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე.თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს. თაყაიშვილის ქუჩა არის ცენტრალური მაგისტრალი და მისი ზედაპირის საფარი არის ასფალტი. სამშენებლო პროექტის მიხედვით, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი სავალი ნაწილი ორივე მხარეს ფილაქნით, ახალი სანათები მთელს ქუჩაზე.

რაც შეეხება თავად სანაპირო ზოლს ანუ ბულვარს, მოეწყობა ბულვარის ცენტრალური შესასვლელი (საჩრდილობლით); ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი; ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედანი (მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით); ბულვარზე ბოლო გასასვლელთან მცირე მოედანი; სველი წერტილები.

ამასთან, ბულვარის მთელ სიგრძეზე მოეწყობა მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისათვის და კომერციული ობიექტებისათვის. განხორციელდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია. მოეწყობა მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ასევე რეკრეაციული ზონები, გარე ქსელების საორიენტაციო დაერთებები; ბავშვთა გასართობი მოედნები/ზონები სპორტული აქტივობებისთვის,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს მიწოდების ვადა 10 კალენდარულ თვეს შეადგენს. აღნიშნული ვადა არ შეიცავს ურეკისათვის სეზონურად ყველაზე მეტად დატვირთულ თვეებს, ივლისს და აგვისტოს. შესაბამისად, სამუშაოების სრულად მიწოდება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 12 კალენდარული თვის ვადაში.

bpn.ge

Comments

კომენტარები