რა უპირატესობები აქვს ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის კვირა დღის აქტიურ დატვირთვას

 

ბოლო დროს მომრავლებულ საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი. ერთნი ამტკიცებენ, რომ კვირის მანძილზე დაღლილმა მოზარდმა კვირა დღეს სახლის პირობებში, მშვიდად უნდა დაისვენოს, მეორენი კი საკუთარი შვილებისთვის დასვენების უფრო აქტიურ და საინტერესო ფორმას ირჩევენ და ამ მიზნით ბავშვებს საკვირაო სკოლების მიერ შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში რთავენ. საკვირაო სკოლის სტრუქტურის, მიზნების, იქ დამკვიდრებული ბავშვის ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო აქტივობებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ერთ-ერთი ასეთი სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ფილოლოგ თამთა გრიგოლიას ვესაუბრეთ…

თამთა,საიდან წარმოიშვა საკვირაო სკოლის შექმნის იდეა და რამ გაგაერთიანათ იდეის ავტორები?

– საერთოდ, ყველაფერი, რაც ბავშვს ეხება, სასიამოვნო და ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლოა. ხშირად მომისმენია საბავშვო მწერლებისგან, რომ ბავშვებისთვის წერა განსაკუთრებით რთულია. სულ მცირე დეტალმაც კი შეიძლება მიიზიდოს ან დააფრთხოს პატარა. ჩემი დისშვილების დაბადების შემდეგ ბავშვთა სამყაროში უფრო და უფრო ღრმად შევიჭერი, ვეცნობი და ვაკვირდები მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს… ერთხელ, სტუმრად ჩემს მეგობარ ნინო ცხვიტავასთან ვიყავი. ნინო ინგლისური ენის პედაგოგია. არაერთხელ მოგვიხდა ერთად მუშაობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. სწორედ ამ დღეს მასთან საუბრისას დაიბადა საკვირაო სკოლის ამ სახით არსებობის იდეა. ბევრი რამ მაშინვე დავგეგმეთ, ბევრიც გზადაგზა, ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო და დღეს უკვე ამ იდეის საქმედ ქცევის წარმატებული მცდელობა გვაქვს სახეზე…

მსგავსი სკოლების გამოცდილება გაიზიარეთ თუ მხოლოდ საკუთარი ფანტაზიითა და ინტელექტით იხელმძღვანელეთ?

– ამგვარი სივრცის არსებობის სურვილი დიდი ხანია მაქვს. შესაბამისად, ყოველთვის ვეცნობოდი მსგავსი ტიპის დაწესებულებების გამოცდილებას. გარდა ამისა, წელს აპრილის თვეში მოვიპოვე ერთთვიანი სტიპენდია გეორგ ეკერტის კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა სწავლების პრინციპებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების კუთხით. ერთი თვე გავატარე გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში. თითქმის ყოველდღე მიწევდა აღნიშნული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მუშაობა. ვეცნობოდი როგორც ჩემი საკვლევი პროექტის მასალებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნებს ამა თუ იმ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით: რას სთავაზობენ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რა უფრო მისაღებია დაწყებით საფეხურზე, რა პრინციპით არჩევენ შეთავაზებულ მასალას და ა.შ. ამ შეძენილ ინფორმაციას დაემატა ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ფანტაზია და შედეგად მივიღეთ ის, რაც ამ ეტაპზე უკვე წარმატებით მუშაობს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საკვირაო სკოლა შეიქმნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.

რამდენად დაემთხვა მოლოდინი შედეგს? 

– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ეს იყო ექსტერიერისა და ინტერიერის შესაბამისი მოწყობა. უამრავი დეტალი გავითვალისწინეთ: რა ფერები შეგვერჩია კედლის გასაფორმებლად, რა შეგვეთავაზებინა ისეთი, რომ ბავშვს 2 საათის განმავლობაში იქ ყოფნა არ მოსწყენოდა… სივრცე, რომელშიც საკვირაო სკოლაა განთავსებული, არ არის დიდი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სივრცეში მიმდინარე მოვლენებმა ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა. ის, რომ საკვირაო სკოლა დღეს წარმატებულია და ბავშვებს იქ ყოფნა სიამოვნებთ, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა. მათ შეძლეს ჩემი სურვილის საქმედ ქცევა და ერთად შევქმენით ჯადოსნური და ფერადი გარემო, რომელში შემოსულ ბავშვს სახლში წასვლა აღარ უნდა. საკუთარი ხელებით შექმნილს, მართლაც რომ, უფრო ტკბილი გემო ჰქონია.

– რა განასხვავებს თქვენს სკოლას სხვა მსგავსი ტიპის სკოლებისგან?

– ჩვენი მთავარი მიზანია, იქ მოსულმა ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. თითოეული აქტივობა მათი ინტერესებისკენაა მიმართული. ჯგუფები დაკომპლექტებულია ასაკის მიხედვით. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ მიღება დაიწყებოდა 5 წლიდან, მაგრამ რამდენიმე მშობლის სურვილის გათვალისწინებით, ზღვარი 4 წლამდე დავწიეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ხშირად აღნიშნავენ, გადასახადია, რაც მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის მისაღებია. ჩვენთან არ ხდება რომელიმე კონკრეტული აქტივობის არჩევა შესაბამის ფასად, თვიური გადასახადი მოიცავს ყველა აქტივობას და ვფიქრობ, ჩვენს სკოლას ესეც გამოარჩევს. ჩვენი საკვირაო სკოლა გლდანის 1-ელ მიკრორაიონში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ მდებარეობს, რაც მეტად ხელსაყრელია სხვა უბანში მცხოვრებთათვისაც. ყოველდღიურად უამრავ თხოვნას ვიღებთ ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე უკვე სერიოზულად ვფიქრობთ. რაც შეეხება გადასახადს, მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი არ გვიფიქრია, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი იყოს ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბავშვის ჩვენთან მოყვანას მოინდომებდა, ამ მხრივ ბარიერი არ შექმნოდა. ამ ეტაპზე თვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს, დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება – 40 ლარი თითოეულზე. ჩვენთან მომსახურება ფასზე გაცილებით მაღალია და როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული თანხა მოიცავს არა რამდენიმე, არამედ ყველა შეთავაზებულ აქტივობას.

ცოტა პრეტენზიული და სარისკო საქმეა, როცა მთელი კვირის დაღლილ მოზარდს კვირა დღის დატვირთვას სთავაზობ… როგორია პატარების რეაქციები, რამდენად განტვირთული და ამაღლებული განწყობით ბრუნდებიან სახლში?

– გეთანხმებით, რომ სარისკო საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამასაც წარმატებით გავართვით თავი. ამ დროს მთავარია, სწორად დაგეგმო ყველა ის აქტივობა, რომელსაც ბავშვებს სთავაზობ. ვცდილობთ გადაღლილი დღეები შევუმსუბუქოთ და მგონი, გამოგვდის კიდეც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვირა დღე მათთვის, ისევე, როგორც ჩემთვის, სრული თერაპიაა. მართალია, ეს ხდება უამრავი გათენებული ღამის ხარჯზე, მოგეხსენებათ, არც ისე ადვილია ყოველი კვირა ერთმანეთს არ ჰგავდეს და განსხვავებული იყოს, მაგრამ ბავშვების კმაყოფილი სახე და მშობლების მადლიერება, მერწმუნეთ, ამის სრული კომპენსაციაა. შვილების სურვილიდან გამომდინარე, ხშირად გვთხოვენ მშობლები, რომ დღეები დავამატოთ, რადგან ბავშვები თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ ჩვენთან, ვიდრე სხვა გარემოში.

 

 

 

– კონკრეტულად რა შეისწავლება სკოლაში და როგორ ერთობიან ბავშვები?

– ჩვენი სკოლა ბავშვებს არაფორმალურ განათლებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად კი:

  • ვკითხულობთ და ვარჩევთ საბავშვო ლიტერატურას
  • ვხვდებით საბავშვო მწერლებს
  • ვთამაშობთ ინტელექტუალურ და როლურ თამაშებს
  • ვდგამთ სპექტაკლებს და ვხდებით ზღაპრის გმირები
  • ვუყურებთ და განვიხილავთ მულტფილმებსა და საბავშვო ფილმებს
  • ვსწავლობთ ინგლისურს თამაშებით
  • ვიწვევთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს
  • ამბებს ვაქცევთ ნახატებად და ნახატებს – ამბებად
  • ვძერწავთ, ვხატავთ, ვმღერით
  • ვსწავლობთ დამოუკიდებელ აზროვნებასა და სხვისი აზრის პატივისცემას
  • ვაწყობთ პრეზენტაციებსა და გამოფენებს და ა.შ.

ეს ყველაფერი ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარსა და ერთმანეთის მოსმენის კულტურას უვითარებს. უმუშავდებათ შეფასების უნარი და, რაც მთავარია, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ საქმისა და ერთმანეთის მიმართ.

– თუ არის სასწავლო პროგრამის შემუშავებაში ჩართული ბავშვთა ფსიქოლოგი?

საკვირაო სკოლის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვა აუცილებელი იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარ მარიამ შოვნაძეს, ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელიც სკოლის გახსნის პირველივე დღიდან მხარში გვიდგას და ჩართულია სკოლის მიერ თითქმის ყველა პროგრამის შემუშავებასა თუ აქტივობაში.

– ალბათ, ცვლილებებს ბავშვების ემოციურ განწყობაში მშობლებიც აღნიშნავენ…

– ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ბავშვი და მისი მშობელია. ვითვალისწინებთ თითოეულის ინტერესს, ვთხოვთ გაგვიზიარონ, რა მოსწონთ განსაკუთრებით, რას შეცვლიდნენ, რას გვირჩევენ სამომავლოდ და ა.შ. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ საკვირაო სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ მათი შვილები შეიცვალნენ, ბევრად მონდომებული და აქტიური გახდნენ, თავს გრძნობენ დამოუკიდებლებად და მოუთმენლად ელიან კვირა დღის გათენებას, რადგან იციან, რომ ის გარემო და ემოციური ფონი, რაც ჩვენთან ხვდებათ, მთელი კვირის სამყოფ პოზიტიურ განწყობას შეუქმნით. მეც ზუსტად ასე ვარ, მათთან ურთიერთობა სრული კომფორტია. მართალია, ეს ენერგიისაგან ბოლომდე დაცლასაც ნიშნავს, მაგრამ ამავდროულად, ის დადებითი მუხტია, რომელიც ყოველდღე ახალი და საინტერესო თავგადასავლების მოძიებისკენ მიბიძგებს.

მარიამ შოვნაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი

– საკვირაო სკოლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაში. ფორმალური განათლების გარდა საჭიროა ადგილი, სადაც ბავშვი მისთვის საინტერესო ფორმითა და აქტივობებით შეისწავლის საკუთარ თავს, სამყაროს და შეიცნობს სხვებს. სწორედ ასეთი ადგილია საკვირაო სკოლა, რომელშიც კომპლექსურად რამდენიმე სფეროა ჩართული და აქტივობები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული.

გვანცა, მშობელი:

საკვირაო სკოლა ის ადგილია, სადაც ჩემი შვილები სიხარულითა და სიამოვნებით მიდიან. სადაც დრო ისე მიფრინავს, ვერც იგებენ. მოსწონთ სახალისო და მრავალფეროვანი  დავალებები, ჯგუფის წევრებთან ლაღი და თავისუფალი ურთიერთობები, მასწავლებელი და სტუმრები, რომლებსაც მეგობრად აღიქვამენ. რაც მთავარია, ბავშვებს ეძლევათ საკუთარ თავში ახალ-ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალება, რაც მათი  თავდაჯერებულობის საფუძველია.

ნინო, მშობელი:

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა შვილებმა საკვირაო სკოლაში სიარულით სასარგელო თვისებები შეიძინეს. დაინტერესდნენ კითხვით, ყოველ საღამოს კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას, აანალიზებენ წაკითხულს და ცდილობენ მშობლების ჩართვას ამ პროცესში: გვიკითხავენ, გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ერთი სიტყვით, აუმაღლდათ მოტივაცია, გაიმდიდრეს ლექსიკა, განავითარეს გადმოცემის უნარი და მოსმენის კულტურა. მნიშვნელოვანია როლური თამაშები, რომლის პროცესშიც ხშირად ითავსებენ მასწავლებლისა და ასისტენტის ფუნქციებს. ეს  ყველაფერი პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებთ.

თეა, მშობელი:

– ანდრიასთვის საკვირაო სკოლა შეუცვლელი ადგილია. მოსწონს თანატოლებთან ერთად გართობა, ხატვა, ძერწვა. ეზოში ჩასული ხან გირჩებს აგროვებს, ხანაც ფერად ფოთლებს საკვირაო სკოლისთვის. ხიბლავს ინგლისურის თამაშებით სწავლა, საბავშვო მწერლებთან თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სიამოვნებით უსმენს მათ ისტორიებს და მოგვიანებით სახლში გვიამბობს. მას შემდეგ, რაც საკვირაო სკოლაში  ასტრიდ ლინდგრენის კედლის გაზეთი გააკეთეს, გადმოიღო წიგნი „პეპი გრძელწინდა“ და ყოველ საღამოს, ძილის წინ ოჯახის წევრებს გვაკითხებს. მინდა საკვირაო სკოლას წარმატება, მრავალფეროვნება და ბევრი ბავშვი ვუსურვო.

 

შორენა ლაბაძე

Comments

კომენტარები