რატომ არ უნდა დავაძალოთ პატარა გოგოებს ნათესავებთან ჩახუტება

გარდა იმისა, რომ ბავშვების უსაფრთხოებისთვის მათთან გულწრფელები უნდა იყოთ და სასარგებლო რჩევები უნდა მისცეთ, სჯობს, ჩვენს შვილებს, განსაკუთრებით კი გოგოებს ბავშვობიდან გადავცეთ უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც გამოადგებათ.

სექსუალური შევიწროება და თანხმობის აუცილებლობა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი საკითხებია და რადგანაც დღესასწაულები და ახლობლების სტუმრობის სეზონი ახლოვდება, ამერიკული ორგანიზაცია სკაუტი გოგოებიმშობლებს რეკომენდაციებს უზიარებს.

“ოჯახურ თავყრილობებზე ფიქრისას, ალბათ, პირველ რიგში გემრიელი საჭმელი, ტრადიციები, კურიოზები და უამრავი თბილი მომენტი გახსენდებათ, თუმცა ცოტას თუ ვფიქრობთ იმაზე, რომ სწორედ ამ დროს ვუქმნით პატარა გოგოებს თანხმობის შესახებ არასწორ წარმოდგენას.

გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ თქვენი შვილისთვის: “ნახე, რა გაჩუქა ბიძიამ – აბა მაგრად ჩაეხუტე”, ან: “რამდენი ხანია დეიდა არ გინახავს, აკოცე”. მშობლები ხშირად ღელავენ იმაზე, რომ ბავშვები დაძალების გარეშე სითბოს თვითონ არ გამოიჩენენ, თუმცა ამ გზით მოპოვებული კოცნები შეიძლება საზიანოც იყოს.

ასე შევხედოთ: გოგონასთვის იმის თქმა, რომ ჩახუტება მისი ვალია, თუ მას საჩუქარი აჩუქეს, იგივეა, რაც “თუ ვახშამზე დაგპატიჟეს, აუცილებელია, სახლშიც წაჰყვე”.

როგორც ფსიქოლოგი ანდრეა ბასტიანი ამბობს, ადრეულ ასაკში გოგოებისთვის ფიზიკური საზღვრების სწავლება უმნიშვნელოვანესია, რადგან რასაც მათ ბავშვობიდან შევაჩვევთ, როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი ბავშვებზე ნადირობს და რაც უფრო ადრე ავუხსნით პატარებს თანხმობის მნიშვნელობას, მით უფრო გავუადვილებთ საგანგაშო სიტუაციების ამოცნობას.

ფსიქოლოგის აზრით, გოგოებს მშობლებმა ემოციებისა და პატივისცემის გამოხატვის ფორმების შერჩევაში თავისუფლება უნდა მისცენ, ოჯახის წევრებთანაც კი. “ეს მათ დაეხმარებათ, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ფიზიკური საზღვრები თავად დააწესონ და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის მოთხოვნა ისწავლონ”.

მადლიერების გამოხატვა, ფიზიკური კონტაქტის გარდა, სხვა ფორმებითაც შეიძლება: გულწრფელი მადლობა ან იმის თქმა, როგორ მოგენატრა ადამიანი, ხშირად სავსებით საკმარისია. ზოგ შემთხვევაში ბავშვები თვითონ იჩენენ სითბოს გამოხატვის ინიციატივას და მათ არც ჩახუტება მოერიდებათ, თუ თავად იგრძნობენ ამის საჭიროებას.

მკითხველების ნაწილი ორგანიზაციის რჩევებს კრიტიკულად შეხვდა. მაგალითად, კომენტარებში ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ ოჯახური ვალდებულებები ხანდახან არაკომფორტული რამეების კეთებასაც გულისხმობს:

“ვალდებული ხარ, ჩაეხუტო იმ ადამიანებს, რომლებმაც შენს მშობლებს სიცოცხლე აჩუქეს”.

თუმცა სხვებმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენეს:

“მე ჩემი შვილები 20 წლის წინ ზუსტად ასე გავზარდე. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვობაში ოჯახის “მეგობრის” მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვიყავი. არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ვინმესთან ჩაეხუტების ან შეხების ვალდებულება ეგრძნოთ, თუ ეს თავად არ სურდათ”, – დაწერა ერთმა მკითხველმა.

წლებია, რაც გოგო სკაუტების ორგანიზაცია გოგოების, ქალებისა და გენდერული იდენტობის შესახებ საკითხებს აშუქებს და ასეთ საკამათო თემებზე საზოგადოებას დისკუსიისაკენ მოუწოდებს.

 

Comments

კომენტარები