„ნინუცა ბაბიმ დაგვიტოვა. მთელი ცხოვრება მივხედავთ“ – „ნიუტონის“ წევრებმა ბაბის შვილი მოინახულეს

სულ მალე 40 დღე გავა მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ნიუტონის“ ავტორ-შემსრულებელი ბაბი – თამარ ბაბილუა მძიმე სენთან რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჯგუფის წევრებმა – ლევან აბშილავამ და შაკო ღელეყვამ, ზვიად ბოლქვაძესთან და სოფო ბათილაშვილთან ერთად, ბაბის შვილი და მისი ოჯახის წევრები მოინახულეს. როგორც „ნიუტონის“ დრამერმა, ლევანმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მათმა ნახვამ 10 წლის ნინი ძალიან გაახარა. ჩვენი ბაბიკოევნა – ასე ასათაურებს აბშილავა ფეისბუქზე ნინუცასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ლევან აბშილავა: – ბათუმში კონცერტი გვქონდა და უკან გზაზე ფოთში შევიარეთ. სასაფლაოზე ვიყავით და ბაბის ოჯახის წევრები მოვინახულეთ. მძიმე სიტუაციაა სახლში… ბევრი გვეფერა და გვესიყვარულა ნინუცა. ამ საყვარელ გოგოსთან შეხუმრებულები ვართ. უნიჭერესი გოგოა. მუსიკალურიცაა.

– მასთან რაიმე სახის სამომავლო გეგმა ხომ არ გაქვთ?

– ვიცით, რომ მთელი ცხოვრება მივხედავთ. ნინუცა ბაბიმ დაგვიტოვა. ჩვენთვის იგივე ბაბია. მისი ოჯახის ჯგუფის წევრები, სოფო ტოროშელიძე, ელენე კალანდაძე, ნინი წიკლაური – ეს ის შიდა წრეა, ვინც ვაპირებთ ბავშვს სათანადო განათლება მივცეთ და მივხედოთ.

 რითი ჰგავს დედას?

– ფიზიკურობიდან დაწყებული, ქცევებით, ნიჭიერებით დამთავრებული. ბაბის სკოლის დროინდელი ფოტოები რომ ნახოთ, ნინუცა ერთი-ერთში ჰგავს დედასს, აღნაგობა, ფერები… ბევრი გვეხუტა, ბევრი გვეკონტაქტა.

– ლევან, შენ „ფეისბუქზე“ გეწერა, ბაბის სურვილს შეასრულებ და რა სიმღერებიც მან ვერ მოასწრო, ჯგუფი გააკეთებთ. 

– რაც „ნიუტონში“ გამოდგება, იმ სიმღერებს აუცილებლად გავაკეთებთ. ის, რაც თავის სტილად არ  მიაჩნდა, სხვა შემსრულებლებს ჩუქნიდა ხოლმე ბაბი. ასეთი ორი-სამი სიმღერაც, ბაბის სამახსოვროდ, გვინდა გავაკეთოთ. უნდოდა ეს სიმღერები ერთად გვემღერა…

– რაიმე საღამოს მიძღვნას ხომ არ აპირებთ?

– „ნიუტონი“ მთელი ჩვენი შემოქმედების მიძღვნას ვაპირებთ. კონკრეტულ საღამოზე ჯერ ვერაფერს გეტყვი.

– ახალ წევრზე ხომ არ ფიქრობთ?

– ამ ეტაპზე „ნიუტონის“ წევრები ვართ მე, ზურა ასტამაძე და შაკო ღელეყვა. ზოგჯერ ვოკალში გვეხმარება ნუცა ჯღამაძე, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ცალკე მღერის. ჯერჯერობით, გეგმაში არ გვაქვს ახალი წევრის აყვანა. ბოლო ერთი წელი ბაბის გარეშე გვიწევდა მუშაობა. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე და რთული იყო, მაგრამ ვერ გავჩერდებოდით. მძიმე დეტალებია… თავს ავარიდებ ამაზე საუბარს.
primetime.ge

Comments

კომენტარები