მარინა ეზუგბაიამ თვეების მიხედვით ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა დაასახელა

ივნისის თვეში 806 PCR ტესტი ჩატარდა, ივლისში 1412, აგვისტოში, 1527 და დღევანდელი დღის ჩათვლით 1506 – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინა თვეებთან შედარებით PCR ტესტით კვლევები გაორმაგებულია და სწორედ ეს იძლება დაავადების სწრაფი გამოვლენის და პაციენტების იზოლაციის შედეგს.

„იმედი გვაქვს, ყველა წერტილში, განსაკუთრებით ბათუმში, დაავადების ლოკალიზაცია მოხდება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები