კელი დეგნანი: აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა

კელი დეგნანი: აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა

აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა. ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, ეს არასდროს ყოფილა დებატების საგანი, ასე რომ, ცოტათი თავსატეხია, რატომ არის ახლა ამხელა წინააღმდეგობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც წლების განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ საჭირო იყო გაგრძელება, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ჩემთვის დამაბნეველია, რატომ არსებობს შეკითხვები კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ სხვა სამართლის ექსპერტებთან, ქვეყნის შიგნით და გარეთ. სწორედ ეს კონსულტაციების პროცესი აისახება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე. უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა. არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელიც არის საერთაშორისო რეკომენდაციები გლობალურად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და სხვა ქვეყნებისთვის. ბევრმა შეასრულა, ბევრმა არა, ეს იგივე ნაბიჯებია, იგივე რეფორმები, რომელზეც საქართველოს ლიდერები დათანხმდნენ, რომ შეასრულებდნენ, 19 აპრილის შეთანხმებაში, მანამდეც, მერეც. ზოგიერთი მათგანი ახლა განიხილება“, – განაცხადა დეგნანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

„რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი. აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააჟღერეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის დაუდევარი, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშშ მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელზეც ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არის, არის გადაბრალების მცდელობა ჩვენზე და დასავლელ პარტნიორებზე მათგან, ვინც იცის, რომ თავად არიან პასუხისმგებლები. შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია.

„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება, პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციებია წარმოდგენილი.

Comments

კომენტარები