ისრაელში 3D-პრინტერზე ცოცხალი გული დაბეჭდეს

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3D პრინტერზე ადამიანის ქსოვილებისგან მცირე ზომის ცოცხალი გული დაბეჭდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სასწავლებლის პრესსამსახური იუწყება.

„პირველად მსოფლიოში, პროფესორ ტალ დვირის ლაბორატორიის მეცნიერებმა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა შეასრულეს: პაციენტისგან აღებული ქსოვილების გამოყენებით 3D-პრინტერზე მათ ცოცხალი გული დაბეჭდეს. ეს კვლევა გზას უხსნის მომავლის მედიცინას, როდესაც პაციენტებს აღარ დასჭირდებათ გადანერგვისთვის ორგანოების ლოდინი. პირდაპირ საავადმყოფოებში შესაძლებელი იქნება თითოეული პაციენტისთვის პერსონალიზებული საჭირო ორგანოების დაბეჭდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაბეჭდილი და აუდიტორიისთვის წარმოდგენილი გული კენკრის ზომისაა. ის პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც ჯერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ღეროვან უჯრედებად გადააქციეს, შემდეგ კი შემაერთებელ ქსოვილს გაურიეს და 3D-პრინტერში მოათავსეს.

Comments

კომენტარები