ირაკლი შოთაძე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი.

„განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი განრიდების ხელშეკრულების პირობების დარღვევა და განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 6-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და დასძინა, რომ პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის აგრძელებს აქტიურ მუშაობას. იგეგმება, ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის ეტაპობრივი გაფართოება და ყოველწლიურად ერთ სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

Comments

კომენტარები