ირაკლი ღარიბაშვილი: „მიშისტი“ უკვე სექტანტად გადაიქცა, როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ამ სულელ მანიაკს დაუჯეროს, ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს

ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ აქტიურ პოლიტიკაშიც ვერ დარჩება.

„მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მისი ამომრჩეველთა რაოდენობა და საშიშ სექტად ყალიბდება. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ნგრევა, უზარმაზარი ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

„მან შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა და ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო. რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. რომელ დანაშაულებებში? – გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, გელაშვილის მკლელობამდე მიყვანა და ა.შ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments

კომენტარები