ინტერვიუ ნინო თოდუასთან

2020 წლის აგვისტოში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

2021 წლის 28 იანვარს, ორგანიზაცია  დისტანციურ რეჟიმში გამართავს კვლევის პრეზენტაციას. ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები, მოხალისეები და ზოგადად, მიუსაფარ ქალთა პრობლემებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრება.

რა სახის კვლევა მოამზადა CSDC-იმ. თუ ვინ ჩაერთო პროექტში, ვისი დახმარება შეძლო ორგანიზაციამ, რა ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საკითხებზე CSDC-ის  ხელმძღვანელთან, ნინო თოდუასთან, ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ნინო, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

  • გვიამბეთ პროექტის შესახებ, რომელიც ქალებისთვის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რა იყო პროექტის მიზანი?

პროექტი  „COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – 2020 წლის აგვისტოს თვეში დავიწყეთ და 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდა.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის იყვნენ და არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებოდათ და დღემდე ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ქალების ერთ ნაწილს მაინც დავხმარებოდით. ,,გლობალურმა ფონდმა ქალებისთვის’’ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, რამაც ერთი მხრივ საშუალება მოგვცა, რომ პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ ქალებს დავხმარებოდით, ჩვენ მივდიოდით მათთან, მიგვქონდა საკვები პროდუქტები და პირველადი და აუცილებელი ჰიგიენის ნივთები. თუმცა, ამავდროულად, წამოვიწყოთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია სახელწოდებით: ,,ჩაერთე და ჩართე’’, რომელშიც მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაცია ჩაერთო,  მათი დახმარებით მიღებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსები სრულად გამოვიყენეთ მიუსაფარი ქალების სასარგებლოდ.

პროექტის საბოლოო მიზანი იყო ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.  ვფიქრობ, ამ მიზნის განხორციელება, ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნაწილობრივ მაინც შევძელით (პროექტში ჩართული 100-ზე მეტი ქალისა და მათ ოჯახებისთვის).

  • რა ღონისძიებები განახორციელეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე?

პროექტი რამდენიმე პირობით ეტაპად შეგვიძლია დავყოთ: პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბენეფიციართა რეგისტრაცია, იმ ქალების მოძიება, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და ჩვენი პროექტის მიზნობრივ ჯგუფში შედიოდნენ. მომზადდა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ბევრ ქალს თავად დავუკავშირდით და ჩვენვე დავეხმარეთ ფორმის შევსებაში. საბოლოოდ 100 ქალი შეირჩა, თუმცა რეგისტრაცია გაცილებით მეტმა გაიარა. ძალიან გვინდა, მომავალში ამ ქალების დასახმარებლად კიდევ დავგეგმოთ მსგავსი პროექტები. პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შევარჩიეთ მკვლევართა ჯგუფის მეშვეობით. ისინი იყვნენ ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ დახმარება.

შემდეგ ეტაპზე უკვე დავიწყეთ შერჩეულ ქალებთან ოჯახებში ვიზიტები, ცხადია, ყველანაირი რეკომენდაციის გათვალისწინებითა და ჰიგიენის ნორმების დაცვით. ვიზიტისას მიგვქონდა მათთვის პირველადი ჰიგიენური ნივთები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები. ვეცნობოდით მათ საჭიროებებს, ვამზადებდით მცირე ფოტო თუ ვიდეო ისტორიებს მათ შესახებ, ცხადია, თითოეული მათგანის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში.

პროექტის დარჩენილი დრო კი დავუთმეთ კვლევის განხორციელებას და აქტიური ფანდრაიზინგის კამპანიას, ორივე აქტივობის შედეგები ჩვენ დღევანდელ პრეზენტაციაზე შევაჯამეთ.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთო, რომლებიც სპეციალურად გადამზადდნენ და მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ.

  • სანამ კვლევის შესახებ გკითხავთ, გვაინტერესებს, როგორ განხორციელდა ფანდრაიზინგის კამპანია და რა შედეგი მიიღეთ საბოლოოდ?

ჩვენს კამპანიაში  ჯამში 100-ზე მეტი ქალი და მათი ოჯახი ჩავრთეთ. ჩვენი პირველი ამოცანა საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა იყო. კამპანიის შესახებ მოვამზადეთ სოციალური ვიდეო რგოლი და გვიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, ეს მასალა მათივე ეთერში გადიოდა. გარდა ამისა,  ეტაპობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც, რისთვისაც მადლობას გიხდით. მეორე მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ფოტო და ვიდეო-ისტორიები ამ ქალებისა და მათი ოჯახების შესახებ. ამ ყველაფრის შედეგად, პროექტს 50-მდე მხარდამჭერი, ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია შემოუერთდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგალითისთვის გამოვყოფდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელთა მხარდაჭერით წინასაახალწლოდ 20 ქალსა და მათ ოჯახს ფულადი დახმარება გადაეცა. გვინდა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადოთ, მათმა მატერიალურმა თუ არამატერიალურმა დახმარებამ განსაკუთრებით გაახარა ბენეფიციარი ქალები და მათი ოჯახები.

 

  • გვიამბეთ კვლევის შესახებ, რა სახის კვლევა განხორციელდა და როგორია კვლევის შედეგები/რეკომენდაციები?

კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 28 იანვარს შედგება. ონლაინ-შეხვედრაზე შედეგებსა და რეკომენდაციებს გავაცანობთ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აღნიშნული კვლევა, ჩვენი პროექტის ფარგლებში და ჩვენს ბენეფიციართა ჯგუფში ჩაატარა ორგანიზაცია ,,WeResearch’’-მა. ჩატარდა როგორც ფოკუს-ჯგუფები, ასევე, პირისპირ ინტერვიუები, ჩვენ გამოვკვეთეთ და ვიკვლიეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: COVID-19 პანდემიის გავლენა მიუსაფარ ქალთა ფინანსურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე, ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობებზე, საკვებ რაციონზე, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, თავის მოვლის შესაძლებლობებზე, ასევე დისტანციურ სწავლებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. კვლევის შედეგად კი შევიმუშავეთ ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაეგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე, დეტალურად განვიხილეთ დღევანდელ პრეზენტაციაზე. კვლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე: www.csdc.ge

 

  • როგორია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები? თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ პროექტით გათვალისწინებული 100 ქალის გარდა, კიდევ ბევრი დახმარების მსურველი ქალი დარეგისტრირდა პროექტში მონაწილეობის მისაღებად…

გეთანხმებით, ამ პროექტის რესურსით ყველა რეგისტრირებულ ქალს ვერ გავწვდებოდით. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გარდა, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად გვწერენ მიუსაფარი ქალები, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ამ კუთხით ისევ გააგრძელებს მუშაობას, რადგან, ჩვენი მისიაა,   მოწყვლადი ქალებისა და   ბავშვების საჭიროებების ადვოკატირება,  მათი   ინტეგრირება   საზოგადოებაში   სამოქალაქო   უფლებების   დაცვის, ინოვაციური  ტექნოლოგიებისა  და  არაფორმალური  საგანმანათლებო  პროგრამების  უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორების მხარდაჭერითა და საზოგადოების ჩართულობით, უფრო მეტი ქალისა და მათი ოჯახების დახმარებას შევძლებთ მომავალში.

Comments

კომენტარები