თორნიკე შენგელია ‘სამეფო კარის თამაშებში’ – ეს კლიპი აუცილებლად უნდა ნახო

ბასკონიას კაპიტანს თორნიკე შენგელიას მუხლის ტრავმა აქვს და ამის გამო ვიტორიელებს ესპანეთის თასის ფინალურ ეტაპზე ვერ ეხმარება. არადა, გუნდს 27 წლის ქართველი ფორვარდის თანადგომა ძალიან სჭირდება – ტურნირის ¼-ფინალშია გასული, სადაც ბადალონას ჟუვენტუდს შეხვდება.

ვრცლად თორნიკეს ტრავმაზე: შენგელიას კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდა – პასუხი კარგი არაა

ესპანეთის თასის ფინალური სტადია მადრიდში, WiZink Center-ში, 14-17 თებერვალს გაიმართება. ბასკონია ჟუვენტუდს 15 თებერვალს დაუპირისპირდება, გამარჯვებული კი ნახევარფინალში რეალი-ესტუდიანტესის წყვილში მოგებულს შეხვდება.

თორნიკე შენგელია მისთვის  უჩვეულო როლშიც შთამბეჭდავია
თორნიკე შენგელია მისთვის  უჩვეულო როლშიც შთამბეჭდავია

ბასკონია შარშანდელ “კოპა დელ რეის” სწორედ 1/4-ფინალურ ეტაპზე, მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ბარსელონასთან დამარცხდა (90:94). არადა, იმ მატჩში თორნიკე მოედანზე საუკეთესო იყო 30 ქულით… ამჯერად კი ქართველი ფორვარდი გუნდს მოედანზე ვერ დაეხმარება, თორემ მომავალი ბრძოლისთვის თანაგუნდელებისა და ქომაგების მენტალურად შემზადებას არ იზარებს.

თორნიკე მარსელინიოს მთავარ იარაღს გადასცემს
თორნიკე მარსელინიოს მთავარ იარაღს გადასცემს

ვიტორიულმა კლუბმა ესპანეთის თასის გათამაშებას მორიგი სარეკლამო კლიპი მიუძღვნა, სადაც მთავარი გმირები თორნიკე შენგელია და მარსელინიო უერტასი არიან. კლიპი “სამეფო კარის თამაშების” სტილშია – ქართველი “რაინდი”, რომელსაც საჭურველთმტვირთველი ახლავს, ხიდზე ბრაზილიელ თანაგუნდელს ხვდება და მთავარ “იარაღს” – ბურთს გადასცემს, რითაც ვიტორიელებმა მადრიდში ტრიუმფისთვის უნდა იბრძოლონ.

შენგელიასგან განსხვავებით, მწყობრშია და ბასკონიას რიგებში თამაშს შეძლებს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მსროლელი მეტ ჯენინგი.

ვიტორიულ კლუბს ესპანეთის თასზე ისტორიაში 6-ჯერ გაუმარჯვია: 1995, 1999, 2002, 2004, 2006 და 2009 წლებში.

თორნიკე შენგელია სასკი ბასკონიას ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ჩიკაგო ბულსიდან გადავიდა.

Comments

კომენტარები