თეა წულუკიანი: მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს დიდი შვებაა როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც „ევრობასკეტის“ გამო სათანადო დაფინანსება ვერ მივეცით

თეა წულუკიანი: მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს დიდი შვებაა როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც „ევრობასკეტის“ გამო სათანადო დაფინანსება ვერ მივეცით

თეა წულუკიანმა განმარტა, რომ კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტის საორგანიზაციოდ 12 მილიონ ლარზე მეტი მოითხოვა, სამინისტრომ კი ბიუჯეტიდან 7 850 000 მილიონი გამოყო, მიმდინარე თვეში კი უწყებას 800 ათასი ლარის ეკონომია აქვს. ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას ისაუბრა.

„როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც რასაკვირველია სასიხარულოა, არამედ ჩვენ მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს ეკონომია, რომელიც ჩვენ „ევრობასკეტის“ შედეგად გაგვიჩნდა, არის დიდი შვება როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც ჩვენ იმისთვის, რომ „ევრობასკეტი“ მაღალ დონეზე წარმართულიყო, სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით“,- აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „თბილისი არენას“ მშენებლობასა და აღჭურვაზე 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ახალი სპორტის სასახლის პროექტირებასა და მშენებლობაზე დაიხარჯა 90 600 000 ლარი, აღჭურვისა და სხვა თანმდევმა ხარჯებმა შეადგინა 6 100 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს სახელმწიფოს დაუჯდა 96 მილიონ ლარზე მეტი. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, რომ კოვიდის პერიოდში დაიწყო მშენებლობა და შემდგომ პერიოდში მსოფლიოში მოხდა უარესი – დაიწყო ომი და სერიოზული ეკონომიკური პრობლემები არაერთ ქვეყანაში“,- განაცხადა წულუკიანმა.

Comments

კომენტარები