ზუგდიდში კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლეს, რომელიც თვითიზოლაციის რეკომენდაციის მიუხედავად, მშობელმა სკოლაში მიიყვანა

ზუგდიდში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ერთი კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია. ის ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა.

სკოლის დირექტორის, ნინო გოგინავას ინფორმაციით, არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მშობელმა ის მაინც მიიყვანა სკოლაში, ისე რომ, ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია არ გააფრთხილა.

„პირველ ოქტომბერს, მშობელმა მოიყვანა ბავშვი, თუმცა არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, არც მშობელმა გაგვაფრთხილა. ბავშვს არ ჰქონდა სიცხე და არც ვირუსის სხვა გამოვლინება. შემდგომ მშობელმა თავად დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა“, – განაცხადა ნინო გოგინავამ.

მისივე ცნობით, დისტანციისა და რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლა ელოდება ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 992 ადამიანი, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები