ვის არ ემუქრება “წითელა” და რატომ არის ის სხვა “ბატონებზე” უფრო მძიმე დაავადება

საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საუბრობს.
–  რატომ ითვლება “წითელა” უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე “ჩუტყვავილა” ან თუნდაც “ქუნთრუშა”?

-“წითელას” გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე “ჩუტყვავილას” თუ “ქუნთრუშას”… საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უფრო მეტად სახიფათოა, ეპიდემიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს,… ეს არის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ხალხით სავსე ოთახში

 წითელას მატარებელმა ადამიანმა რომ კარი შეაღოს და უბრალოდ შეიხედოს,  ერთი-ორი ჩასუნთქვაც საკმარისი იქნება, ოთახში მყოფ ადამიანების დასასნებოვნებლად. დაავადდებიან ისინი, ვინც აუცრელია და დაავადება გადატანილი არ აქვს.
–  რატომ გავრცელდა ისევ “წითელა”, ბავშვები ხომ გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან?

–  დიახ იცრებიან, მაგრამ მხოლოდ ბავშვების აცრა შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი აცრა მოსახლეობის 95 პროცენტმა ჩაიტარა, მეორე აცრა 90 პროცენტზე ნაკლებმა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბავშვების რაღაც ნაწილიც არ არის იმუნური… ყველაზე დიდი პრობლემა არის 25 წლიდან 30 წლამდე მოსახლეობა,
რომლებიც არ არიან აცრილი… ისინი ამ ასაკში აჩენენ ბავშვებს და ბავშვი თანდაყოლილი იმუნიტეტის

გარეშე იბადება. ბავშვ ერთი წლის ასაკში იცრება, მანამდე კი შეიძლება დაავადდეს.  წლამდე ბავშვებში წითელა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომაც დედა აუცილებლად იმუნური უნდა იყოს, როცა ბავშვს აჩენს! სანამ დააპირებს ბავშვის გაჩენას, მანამადე უნდა აიცრას, თორემ ძალიან საშიშია ნაყოფისთვის. ორსულობაში თუ ქალს “წითელა” შეხვდა, ნაყოფს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება!
–  როდის იყო ბოლოს საქართველოში “წითელას” ეპიდემია და რა შედეგით დასრულდა?

–  ბოლოს იყო 2004-2005 წელს და შემდეგ 2013-2014 წლებში. პირველ ეპიდემიაზე დაახლოებით 9 000 შემთხვევა გამოვლინდა, მომდევნო ეპიდემიაზე 11 000 ავადმყოფი გვყავდა. პირველ ეპიდემიაზე 9 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალურადაა დადასტურებული. მეორეზე 4 გარდაცვლილი გვყავს. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ “წითელა”, რომელიც ჩვილობაში ხვდება ბავშვს, შეიძლება ურთულესი გართულებები წლების შემდეგ გამოუვლინდეს. აბსოლუტურად განუკურნებელი დაავადებებით, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოსდევს…
–  აცრა უფასოა ზრდასრულთათვის?

–  დიახ, 40 წამდე ასაკისთვის ყველასთვის უფასოა! 40 წელს ზევით უიშვიათესი შემთხვევაა ადამიანს “წითელა” შეხვდეს. 60 წლის ვარ და მე არ მინახავს ვინმეს “წითელა” შეხვედრდეს 40 წელს ზევით. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ მოსახლეობას, რომ ოჯახში თუ ორსულია, დანარჩენებმა მაინც აიცრან ოჯახში, რადგან ორსულის აცრა არ შეიძლება! ორსული რომ დავიცვათ, ირგვლივ ყველა აცრილი უნდა იყოს, რათა მას “წითელა” არ გადავდოთ.

Comments

კომენტარები