დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს ცვლილებებით ხვდება. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს. „უელსთან“ შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. ირლანდიასთან თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს.

ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი. ორი ახალგაზრდა მორაგბეს მიხეილ ალანიას და დავით ნინიაშვილს დღევანდელ შეხვედრაში დებიუტი ექნებათ, ისინი თამაშში სათადარგიო შემადენლობიდან ჩაერთვებიან. ამ გუნდებს აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთთან და ყველა მატჩი ჩვენი გუნდის მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. ირლანდია-საქართველოს შორის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.

დუბლინში „ავივაზე“ ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

გუნდი დუბლინში გუშინ ჩაფრინდა. მაისაშვილი ამბობს, რომ მთელი კვირის განმავლობაში მშრალი ამინდი იყო და საქართველო უკეთაა მომზადებული, ვიდრე წინა მატჩებში იყო.

„მთელი კვირა მშრალი ამინდი იყო და პირველად მოგვეცემა ასეთ პირობებში თამაშის შესაძლებლობა. ეს მოგვცემს ბურთის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას და იმედია, ტექნიკური წუნიც ნაკლები იქნება. თუმცა ეს შესაძლებლობა მეტოქესაც ექნება და დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ირლანდიასთან მატჩამდე დასვენებისთვის ერთი დღით მეტი გვქონდა. ეს კვირა შეტევის დახვეწაზე ვიმუშავეთ, ბოლო ვარჯიშზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებ, რომ ამას მოედანზეც გადავიტანთ. ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩვენ რას გავაკეთებთ, როგორ წავიწევთ წინ შეტევაში და ავიღებთ ქულებს, ვიდრე ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე.

ვეცდებით თამაში ირლანდიის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ უკვე ხელით ვითამაშოთ. ვარჯიშებზე თავდაჯერებულობა, სისტემისადმი ნდობა იგრძნობოდა. უკეთ გამოვიყურებოდით კოლექტიურად. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტატიკური ფაზების მოგება და მეტოქისთვის ხელის შეშლა.

კარგია ირლანდია უძლიერესი შემადგენლობით რომ გვეთამაშება. თუ შევძლებთ მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ისინი გაცილებით დიდ წნეხში მოექცევიან“, – განაცხადა მაისაშვილმა.

მაისაშვილის თქმით, ოფიციალურად ჯერ უცნობია შედგება თუ არა მეოთხე მატჩი ფიჯისთან, თუმცა დიდი ალბათობით, ბორჯღალოსნებს ამის შესაძლებლობა ექნებათ.

მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ გუნდი ამ თამაშს საუკეთესოდ მომზადებული ხვდება.

„დამატებითი ერთი დღით დასვენება ნამდვილად წაგვადგა და წინა მატჩებთან შედარებით, ახლა საუკეთესოდ ვართ მომზადებული. ვარჯიშებზე მართლაც ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მთელი კვირის ნაშრომი მოედანზე ვერ გადაგაქვს. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ კარგი ვარჯიშები მოედანზე აისახოს.

გვყავს ორი დებიუტანტი – ალანია და ნინიაშვილი, რომლებიც პერსპექტიული ბიჭები არიან. ორივე კარგ ფორმაშია, იციან თავისი საქმე და მათი ძალიან გვეიმედება.

2014 წელს ირლანდიასთან დიდი სხვაობით დავმარცხდით და იმ თამაშს სასიამოვნოდ ვერ გავიხსენებ. ესაა დისციპლინირებული, მანქანასავით აწყობილი გუნდი, რომელიც ბურთს დიდხანს ინარჩუნებს და ყველაფერს მაღალი ხარისხით ასრულებს. ჩვენ ამისთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა შარიქაძემ.

Comments

კომენტარები