დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა !

დღეს ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა !

ივ. ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში. ვახუშტი ბაგრატიონი ჯავახიშვილების გვარს ქართველ დიდებულთა შორის ასახელებს. მათი წინაპარნი ჯავახეთიდან იყვნენ – თორელები. 1338 წელს გიორგი ბრწყინვალეს მიერ გაცემულ წყალობის წიგნში მოხსენიებულია თორელი ჯავახიშვილი ივანე. XV საუკუნიდან თორელები აღარ იხსენიებიან, თუმცა თორელთა საგვარეულო სახელი – გამრეკელი ჯავახიშვილების გვარში შემდგომ საუკუნეებშიც გვხვდება. XIV საუკუნეში თორელები თორელ-ჯავახიშვილებად იწერებიან, XV საუკუნიდან კი ჯავახიშვილებად. ჯავახიშვილების წინაპრები ჯერ კიდევ XII საუკუნეში გადმოსახლებულან ქართლში, თეძმის ხეობაში, მათ შორის, სოფელ ხოვლეში, რომელიც 1259 წელს უზარმაზარ თანხად შეუსყიდია კახა თორელს და რკონის ღვთისმშობლის მონასტრისთვის შეუწირავს.

ივანეს მამა, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. ალექსანდრე წლების მანძილზე მუშაობდა აღმოსავლეთ საქართელოს სკოლების ზედამხედველად. ერთ-ერთ სკოლაში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე სოფიო ვახვახიშვილი, თელაველი თავადის – ათანასე ვახვახიშვილის ასული. სოფიოც სამცხელი თავადების ძირძველი გვარის – ვახვახიშვილების წარმომადგენელია. XIII საუკუნის ბოლოს ვახვახიშვილები კახეთს გადმოსულან და თელავს დასახლებულან. სოფიო თხუთმეტი წლით უმცროსი იყო მეუღლეზე.
თანამდროვენი ასე აღგვიწერენ ივანეს მშობლებს: მამა – ალექსანდრე, ძლიერი ინტელექტის, მტკიცე ნებისყოფის, ტანდაბალი, მაგრამ მკვრივი აგებულების იყო. ახასიათებდა პირდაპირობა, ხასიათის სისპეტაკე, თავაზიანობა, ბეჯითობა და თავმდაბლობა. დედა – სოფიო, მაღალი, ლამაზი, უაღრესად სათნო, კეთილი ზნის ქალი, მორწმუნე, ეკლესიური, თავმდაბალი და დარბაისელი მანდილოსანი.

ალექსანდრე ჯავახიშვილი და სოფიო ვახვახიშვილი უფროს ქალიშვილ ეკატერინესთან ერთად

ალექსანდრე ჯავახიშვილი და სოფიო ვახვახიშვილი უფროს ქალიშვილ ეკატერინესთან ერთად

მათ ჰყავდათ ექვსი შვილი: ეკატერინე, ივანე, გიორგი, დათა, ალექსანდრა, მიხეილი. მამა ცდილობდა, შვილები დაეინტერესებინა სწავლით და ყოველნაირად უწყობდა ხელს. ერთხელ მან პატარა ივანე თეძმის ხეობაში წაიყვანა რკონის მონასტრის შესასწავლად და არქეოლოგიური მასალების შესაგროვებლად. ივანე ჯავახიშვილს კარგად ეხერხებოდა ხატვა. რკონში მან მრავალი ჩუქურთმა ჩაიხატა, რომლებიც შემდეგ ჟამთა სვლამ გაანადგურა და მხოლოდ ივანეს მიერ ჩახატულიღა შემორჩა ისტორიას. ამ ექსპედიციამ ბავშვზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ უფრო განუმტკიცა ისტორიის ღრმად შესწავლის სურვილი.

1885 წელს ივანე ჯავახიშვილმა სწავლა დაიწყო თბილისში, პროგიმნაზიაში, ხოლო 1888 წელს იგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა, რომელიც დაასრულა 1895 წელს. ამ დროს საქართველოში მკაცრი რუსიფიკატორული რეჟიმი იყო გამეფებული. მშობლიური ენა სკოლებში სასტიკად იდევნებოდა. “გიმნაზია ვანოს არ მოსწონდა, სწავლობდა კი კარგად. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას”, – იგონებს ივანე ჯავახიშვილის სიყრმის მეგობარი ივანე ნიჟარაძე.
გიმნაზიაში სწავლის დროს ივანეს ინტერესი ისტორიისადმი განსაკუთრებით გამოიკვეთა. იგი გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს. წერდა რეფერატებსა და მოხსენებებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც სპეციალურ საგნად აირჩია საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესწავლა. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი იმ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძლიერ ფაკულტეტად ითვლებოდა. ჯავახიშვილის მასწავლებლები იყვნენ თვალსაჩინო მეცნიერები ნ. მარი, ალ. ცაგარელი, ვ. ჟუკოვსკი, ნ. ვისელოვსკი, ს. პლატონოვი, ვ. როზენი და სხვანი. პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ლექციებს უკითხავდა ალ. ცაგარელი, სომხურ ენასა და ლიტერატურას — ნიკო მარი, რომლებთანაც ურთიერთობამ, უეჭველია, კეთილმყოფელი გავლენა იქონია ახალგაზრდა მეცნიერზე. ნიკო მარი ხშირად ბინაზეც იწვევდა დამატებითი მუშაობის საწარმოებლად.

ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი

უნივერსიტეტში შესვლისთანავე ივ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც, როგორც საკუთარ წრეში, ისე უფრო ფართო ასპარეზზე, ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. შემდეგ ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით დამყარდა კავშირი ამიერკავკასიიდან ჩამოსულ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც და შეიქმნა “ამიერკავკასიის სათვისტომო”.
როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). უნივერსიტეტში სწავლისას ივ. ჯავახიშვილმა სოლიდური განათლება მიიღო. იგი დაეუფლა მთელ რიგ აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპულ ენებს. თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1899 წელს, ივ. ჯავახიშვილი ნიკო მარის მოთხოვნით და აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით დატოვებულ იქნა საპროფესოროდ მოსამზადებლად. ორი წლის მუშაობის შემდეგ, 1901 წლის 27 იანვარს მან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო “ქართული სიტყვიერების მაგისტრანტის” ხარისხი.
სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ივანე ჯავახიშვილი საზღვარგარეთ მიავლინეს. 1901—1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ისმენდა ევროპის გამოჩენილ სპეციალისტთა ლექციებს. გერმანიაში ყოფნის დროს მან არაერთი წინადადება მიიღო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების გერმანულად თარგმნისა და სათანადო გამოკვლევებითურთ გამოსაქვეყნებლად. ზოგი ამ რიგის სამუშაო მან გერმანიაში ყოფნის პერიოდში შეასრულა და დასტამბა კიდეც; პროფ. ა. ჰარნაკის ხელმძღვანელობით, კერძოდ, მოამზადა “ევსტათი მცხეთელის მარტვილობის” გერმანული თარგმანი გამოკვლევითურთ (ეს ნაშრომის დაიბეჭდა 1901 წელს “პრუსიის სამეფო აკადემიის” სამეცნიერო ორგანოში), ხოლო კ. შულცესთან ერთად გერმანულად გადათარგმნა და გამოკვლევა დაურთო იოანე საბანის ძის “აბო თბილელის წამებას”. ცნობილია, რომ პროფ. ა. ჰარნაკი, მოხიბლული ივ. ჯავახიშვილის ღრმა ცოდნით, დაბეჯითებით სთხოვდა მას ბერლინის უნივერსიტეტში დარჩენილიყო სამუშაოდ.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1902 წელს ივ. ჯავახიშვილი ნ. მართან ერთად გაემგზავრა შუასაუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს საზღვარგარეთულ კერაში — სინას მთაზე, იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერების გამოსავლინებლად და შესასწავლად. ორი დიდი მეცნიერის ამ ექსპედიციამ ქართულ მწერლობას ბევრი ახალი, მანამდე უცნობი ძეგლი შესძინა. მრავალი მანამდე უცნობი ძველი ქართული სამწერლობო ძეგლი იქნა გადმოწერილი ან ფოტოგრაფირებული.

ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტის თანამდებობა შესთავაზეს, სადაც მოღვაწეობდა 1917 წლამდე. ამ პერიოდში იგი კითხულობდა მთელ რიგ სპეციალურ სალექციო კურსებს საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტში
მუშაობისას ივ. ჯავახიშვილმა 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა: ორი გერმანულ ენაზე, 22 რუსულ ენაზე და 16 ქართულ ენაზე. ამათგან კაპიტალურ ნაშრომებს მხოლოდ ქართულად გამოქვეყნებული შრომები შეადგენდნენ. და ეს არ იყო შემთხვევითი. ჯავახიშვილი ხომ ახალ ქართულ ისტორიოგრაფიას უყრიდა საფუძველს, ქმნიდა იმის პირობას, რომ ამიერიდან ქართული მენციერების განვითარების ცენტრს საქართველოში გადმოენაცვლა.
1907 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: “ძველი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება”. ოფიციალურ ოპონენტებად ისეთი გამოჩენილი მეცნიერები გამოვიდნენ, როგორებიც იყვნენ ნ. მარი და ვ. ბარტოლდი. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ ივ. ჯავახიშვილს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.
1907—1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს, რომლის საქმიანობაც მრავალი მხრით ქართული მეცნიერების აღორძინებისა და მომავალი ქართული უნივერსიტეტის შექმნისათვის პირობების მომზადებას ემსახურებოდა. 1915 წელს “წრემ” სამეცნიერო წერილების კრებულიც გამოსცა, რომელიც არაერთ საგულისხმო გამოკვლევას შეიცავდა.
ივ. ჯავახიშვილი წერდა: “…თითქმის სრულებით მარტივი და სრულებით უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ამ სამეცნიერო წრეში სტუდენტები რომ თავს იყრიდნენ, მსჯელობა წარმოებდა ქართულად, მოხსენებები იწერებოდა ქართულად… კამათი, მსჯელობა ქართულად სწარმოებდა და ვარჯიშობა დაიწყო, ენა გაიკვეთა ახალგაზრდობამ…”
ზაფხულობით ივანე სამშობლოში ჩამოდიოდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე. ეს ლექციები მსმენელი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა, მათ დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
1913-14 წლებში ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა თავისი შრომის – “ქართველი ერის ისტორიის” პირველი ორი ტომი. ეს იყო დიდი მოვლენა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ფაქტიურად ამ შრომის გამოქვეყნებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნიერულ ისტორიას. სწორედ ასე აღიქვა ეს მოვლენა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომაც იყო, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილი მისწერა ივანე ჯავახიშვილს: ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ საქართველოს ისტორიის საკითხებზე გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად. გთხოვთ თქვენი ნაშრომი წარმოადგინოთ კონკურსში მონაწილეობისთვის. ეჭვი არ არის, რომ თქვენი “ქართველი ერის ისტორია” უთუოდ გამარჯვებული შეიქნებაო. ივანე ჯავახიშვილის პასუხი ამ თხოვნაზე საოცარი თავმდაბლობის და მაღალი ზნეობის იშვიათი ნიმუშია. მადლობას გიძღვნით მოწვევისთვის, მაგრამ იძულებული ვარ უარი გითხრათ თქვენს თხოვნაზე ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი მე ჩემი პრივატ-დოცენტობა საშუალებას მაძლევს იმდენი სახსარი მქონდეს, რომ მუშაობაში ხელი არ შემეშალოს, მეორეც, კონკურსში გამარჯვება და სახელი ახალგაზრდა მეცნიერებს უფრო სჭირდებათ, ზნეობრივი არ იქნება ჩემი მხრივ მათთვის გზის გადაღობვაო.
1911 — 1912 წლებში სამეცნიერო წრის მიერ დაგზავნილ იქნა ანკეტები რუსეთისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში (პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ტარტუს, ვარშავის, ოდესის, ყაზანის, ხარკოვის, ტომსკის, იაროსლავლის, ბერლინის, ლაიფციგის, პარიზის, ბრიუსელის) იმის გამოსარკვევად, თუ სად რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა და სახელდობრ რომელ დარგებში სპეციალდებოდა. ამ აღრიცხვამ “წრის” წევრებს დაანახვა, თუ რა მრავალრიცხოვანი იყო ქართველი სტუდენტობა, რა მრავალფეროვანი იყო მისი ინტერესები — არ დარჩენილა მეცნიერების, ხელოვნებისა და ტექნიკის ისეთი სფერო, რომელშიც ქართველი სტუდენტები არ იღებდნენ განათლებას. ამან აშკარა გახადა, რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლის შექმნა ახლო მომავალში სავსებით უზრუნველყოფილი იქნებოდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ი. ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან შალვა ნუცუბიძესთან, იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისათვის.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.
ბევრი თვით ქართველ საზოგადოებაშიც ეჭვის თვალით უყურებდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას. “რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს — ამბობდა შემდეგში იგი, — ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა. რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისათვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელიო და, ამავე დროს, იგი პეტერბურგში (აწ ლენინგრადში) დიდი გაჭირვებითა და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრისო”.
ივ. ჯავახიშვილი გამოდის ლექცია-მოხსენებებით და საზოგადოებას უმტკიცებს ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას. “დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას, — აღნიშნავდა იგი, — ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს”. სამეცნიერო ჯგუფმა გაშალა ფართო მუშაობა უნივერსიტეტისათვის საჭირო სახსრების შესაგროვებლადაც. მართალია, დროებითმა მთავრობამ ფაქტიურად უარი თქვა თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე და მის ნაცვლად აქ რუსული უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ ამ მთავრობასთან ერთად მისი ეს განკარგულებაც გააუქმა და უნივერსიტეტის გახსნისათვის უკანასკნელი დაბრკოლებაც მოხსნა.
რევოლუციიდან უკვე მეორე დღეს – 28 თებერვალს ივანე აკაკი შანიძეს და შალვა ნუცუბიძეს ეტყვის: დაყოვნება დაუშვებელია, ხვალვე, ანუ 1 მარტს უნდა შევიკრიბოთ და ქართული უმაღლესი სკოლის საკითხი განვიხილოთო. ივანე ჯავახიშვილის ბინაზე ეს შეხვედრა მართლაც 1 მარტს შედგა. შემდეგში, 1938 წელს ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ჩვენ მაშინ ვერ ვგრძნობდით, რომ `ისტორიულ საქმეს ვაკეთებდით”. ეს რომ ასე იყო, ისიც ადასტურებს, რომ “ოქმიც კი არ შეგვიდგენიაო”.
ფაქტი კი ფაქტად რჩება. სწორედ ამ კრებაზე ჩაეყარა საფუძველი კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების საქმეს.
უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოების 1917 წლის 3 და 8 ოქტომბრის საერთო კრებების შემდეგ მთელ საქართველოში აზვირთდა სახალხო ენერგია უნივერსიტეტისთვის ფულადი სახსრების შესაგროვებლად.
უნივერსიტეტისთვის ფულადი შემოწირულობები შემოდიოდა საქართველოს ყოველი კუთხიდან. ცნობამ უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე უდიდესი სიხარული გამოიწვია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებშიც. შემოწირულობები შემოდიოდა მოსკოვში, ხარბინში, ტაშკენტში, ერევანში მცხოვრები ქართველებიდანაც. ოვანეს თუმანიანის პირით სომეხი ხალხის საუკეთესო შვილები მიესალმებოდნენ ქართული უნივერსიტეტის გახსნას. ოვანეს თუმანიანისადმი გაგზავნილ კოტე აფხაზის ხელმოწერილ საპასუხო წერილში ნათქვამი იყო: “თქვენს ღრმად მგრძნობიარე სიტყვებში, როგორც თავისი სამშობლოს საუკეთესო შვილისა და მისი ფიქრებისა და გრძნობების ნიჭიერად გამომხატველისა, ჩვენ ვხედავთ ალერსსა და მისალმებას მთელი სომეხი ხალხისას”.
დაიწყო ლატარეის გათამაშებაც, რომლის შემოსავალი მთლიანად უნივერსიტეტის ფონდში ირიცხებოდა. 9 ოქტომბერს უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოებამ და საფინანსო კომისიამ ივანე ჯავახიშვილს, პეტრე მელიქიშვილს და ანდრია რაზმაძეს დაავალა ქართული უნივერსიტეტის პროფესორების მოწვევა და პროფესორთა კოლეგიის შედგენა. მალე ივანე ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა (ანდრია რაზმაძე ჯერ კიდევ მოსკოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდა) წარმოადგინეს ქართველ მეცნიერთა სია: ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, ი. ჯავახიშვილი, იუს. აბულაძე, ე. თაყაიშვილი, მ. წერეთელი… მეცნიერთა ეს თანავარსკვლავედი მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტს დაამშვენებდა.
1918 წლის 13 იანვარს უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველმა სხდომამ განიხილა უნივერსიტეტის რექტორის არჩევის საკითხი.
ყველას აზრი ერთმნიშვნელოვანი იყო: ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორი უნდა ყოფილიყო ივანე ჯავახიშვილი. მაგრამ ივანე სიტყვას ითხოვს და ამბობს: “პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია, რუსეთშიაც და საზღვარგარეთაც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს…”
1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) ქართული უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს.
პეტრე მელიქიშვილი შემდეგში აღნიშნავდა: “ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება”. უნივერსიტეტის გახსნის წინა დღეებში, 1918 წლის 23 იანვარს, ცნობილი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: “ივ. ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი — გუთნისდედობა თვით ქართული მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა… ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ”.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი მაღალი მეცნიერული ღირსებითა და კომპეტენტურობით წარმართავდა უნივერსიტეტის საბჭოსა და გამგეობის მუშაობას. ეს მუშაობა უაღრესად ძნელ პირობებში მიმდინარეობდა. მელიქიშვილი ემყარებოდა პრინციპს, რომ რექტორი უნივერსიტეტის თანასწორ პროფესორთა შორის ერთ-ერთია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის რექტორის მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებდა, მაგრამ ერთ თუ ორ პროფესორთან სიტყვიერი ინციდენტი შეემთხვა, რომლის შემდეგაც ამ მაღალი ზნეობისა და პიროვნული ღირსების მქონე მეცნიერმა აღარ ისურვა თანამდებობაზე დარჩენა.
1919 წლის 12 ოქტომბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დააკმაყოფილა პეტრე მელიქიშვილის თხოვნა რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ამის შემდეგ მთელი ორი თვის განმავლობაში რექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო. ივანე ჯავახიშვილი არა თუ რექტორობას არ თანხმებოდა, არამედ დეკანობიდანაც გათავისუფლებას ითხოვდა.
1919 წლის 17 დეკემბრის პროფესორთა საბჭოს სხდომას ივანე არ დაესწრო, საბჭოს თავმჯდომარის სახელზე კი წერილი დატოვა: “ბატონო თავმჯდომარევ! თუ ვინიცობაა პროფესორთა საბჭოს კრებაზე ჩემი კანდიდატურა წამოყენებულ იქმნა უნივერსიტეტის რექტორობის თანამდებობაზე არჩევის დროს, გთხოვთ ჩემი წერილობითი განცხადებით აუწყოთ საბჭოს, რომ მე უარს ვამბობ, მეტისმეტი დაღლილობის გამო, კანდიდატურაზე და თანაც გთხოვთ იმ პირთა სიითგან, რომელთაც რექტორობაზე კენჭი ეყრებათ, ჩემი გვარი ამოშალოთ”.
17 დეკემბრის სხდომამ ივანე ჯავახიშვილი ერთხმად აირჩია რექტორად. სხდომაზე სხვა კანდიდატურა არც განხილულა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია. ქვეყნის დამოუკიდებლობის გადასარჩენად დაირაზმა ქართული მხედრობა, ინტელიგენცია, სტუდენტი – ახალგაზრდობა. თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა რექტორის – ი. ჯავახიშვილის მეთაურობით მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა ითხოვეს.
ი. ჯავახიშვილმა ომში მიმავალ სტუდენტობას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მართალია, გვაკლია იარაღი, გვაკლია საომარი აღჭურვილობა, გვაკლია ბევრი სხვა რამეც, მაგრამ ჩვენ ბრძენ ხალხს უთქვამს: “ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო”. ჩვენი ეროვნული კულტურის თეთრი ტაძარი გზას დაულოცავს ყველას, ვინც ბრძოლის ველისაკენ მიეშურება”.
ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების შემდეგ უნივერსიტეტს წითელარმიელების შემოჭრის საფრთხე დაემუქრა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წესრიგის დაცვა მოითხოვა… ი. ჯავახიშვილის გაუტეხლობამ და პრინციპულობამ თავისი გაიტანა – უნივერსიტეტი აოხრებას გადაურჩა.
რექტორობის პერიოდში ი. ჯავახიშვილი განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო და სასზოგადოებრივ მოღვაწეობას – იყო განათლების სამინისტროსთან არსებული სახელმძღვანელოებისა და სატერმინოლოგიო საქმის მომგვარებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), საქართველოს “საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” თავმჯდომარე (1919-1925 წწ.).
1923 წლის 30 მარტს თსუ-ის პროფესორთა საბჭომ ი. ჯავახიშვილი ახალი ვადით აირჩია რექტორად. სამწუხაროდ, მალე საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ ცილისმწამლებლური კამპანია, რასაც 1926 წლის 23 ივნისს მისი რექტორობიდან გათავისუფლება მოჰყვა.
1928 წელს ჟურნალში – “საშუალო სკოლისაკენ” გამოქვეყნდა თსუ-ის ახალი რექტორის – თედო ღლონტის სტატია, რომელშიც იგი ივანე ჯავახიშვილს მიიჩნევდა მოღვაწედ, უნივერსიტეტს “საშუალო საუკუნეების კულტურისაკენ” რომ მიაქანებდა. 1928 წელს საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავი, რომლის მსვლელობის დროს არავის წამოსცდენია სიტყვა ივანე ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტის დაარსების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ. ბევრი მოქალაქე გრძნობდა ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის უსამართლობას, ჩუმად თანაუგრძნობდა, მხარდაჭერის გამომხატველ წერილებს უგზავნიდა სახლში, მაგრამ ხმამაღლა, საჯაროდ მის გამოქომაგებას ვერავინ ბედავდა.
1926-31 წლებში ივანე ჯავახიშვილი განაგრძობდა მოღვაწეობას თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ.
საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა თსუ-ის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე 4 სპეციალური სასწავლო ინსტიტუტი შეიქმნა. განათლების სახალხო კომისარიატის 1931 წლის 28 მაისის დადგენილების საფუძველზე ი. ჯავახიშვილი გააძევეს პედაგოგიური ინსტიტუტიდან “კონდრატიევშჩინას” მავნებელთა ჯგუფის მიმართულების თანამოაზრეობის ბრალდებით.
1931 წლის 27 სექტემბერს ი. ჯავახიშვილი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტად.
1933 წლის 8 იანვარს აღდგენილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 17 თებერვალს ი. ჯავახიშვილი თსუ-ის საქართველოს ძველი ისტორიის კათედრის გამგედ დაინიშნა, სადაც იგი 1935 წლამდე მუშაობდა.
ამ პერიოდში განახლდა დაუნდობელი ბრძოლა ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ, რომლის კულმინაციას წარმოადგენდა თსუ-ის რექტორის – კარლო ორაგველიძის მიერ 1936 წლის 23 მარტს ისტორიის ფაკულტეტის საბჭოზე წაკითხული მოხსენება – “საქართველოს ისტორიის საკითხისათვის”, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ი. ჯავახიშვილის შემოქმედება, უწოდა მჩაგვრელი კლასის აპოლოგეტი, ხოლო მისი მისი დამსახურება ქართული მეცნიერების წინაშე მარტოოდენ ემპირიული მასალების, ფაქტების შეგროვებასა და მათ სისტემატიზაციამდე დაიყვანა. ი. ჯავახიშვილმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – 1936 წლის 10 აპრილს განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აუწყებდა უნივერსიტეტში მოღვაწეობისათვის თავის დანებების შესახებ.
მალე ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია შეწყდა და 30-იანი წლების მიწურულს სრულად დაფასდა მისი უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 1936 წელს მიიწვიეს კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში ენიმკი) მუდმივ სწავლულ-კონსულტანტად; 1937 წლის 13 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგედ; 1937 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის დირექტორად; მისი თაოსნობით თბილისში მოეწყო “ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა; 1937 წლის 27 დეკემბერს თბილისში გამართულ სსრკ-ის მწერალთა კავშირის V პლენუმზე წაიკითხა მოხსენება – “რუსთაველის ეპოქის საქართველოს სოციალური კულტურა და პოემა “ვეფხისტყაოსანი”.
1938 წლის 25 მაისს თსუ-ის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამეცნიერო სესიაზე ი. ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება “ბრძოლა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისათვის”, რომელშიც გაიხსენა კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსების წინაპირობები, ბრძოლის პერიპეტიები და ა.შ. იგი შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას: “მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა მისცემს მათ შესაძლებლობას, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი, უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც. სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია, რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით, რომ მას აქვს ნებისყოფა, აქვს აგრეთვე გატაცება, ის უნდა გრძნობდეს, რომ ვალდებულია სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს, რომლისგანაც ის წარმოშობილია”.
1938 წლის 15 ივნისს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ი.ჯავახიშვილი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1939 წელს აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიაც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია.

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგაბოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

1940 წლის 18 ნოემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე, თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკად. ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე: “ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები”.
დარბაზი ხალხით იყო სავსე. შეკრებილი საზოგადოება დიდი გულისყურით უსმენდა სახელოვან მამულიშვილს და მეცნიერს. ლექციის დაწყებიდან საათი და 15 წუთი იყო გასული.
ივანე ჯავახიშვილი ჟამთაღმწერლის თხზულებიდან ამონარიდს კითხულობდა. მოულოდნელად მას სიტყვა შუაზე გაუწყდა. ყველამ დაინახა, როგორ უცნაურად გადააქნია თავი საყვარელმა მეცნიერმა და შემდეგ მაგიდას უხერხულად დაეყრდნო…
სცენაზე პირველი აკაკი შანიძე აიჭრა… 9 საათსა და 40 წუთზე ივანე ჯავახიშვილი სცენიდან გაიყვანეს. შეძრწუნებული ხალხი არ იშლება, ის ექიმებისგან ცნობას ელის…
ექიმებმა სიკვდილის წინაშე თავისი უძლურება აღიარეს…
ოთხ დღეს ეთხოვებოდა მშობელი ხალხი თავის საამაყო შვილს. 1940 წლის 21 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი დაკრძალეს მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის გვერდით.
იაკობ ნიკოლაძე 1940 წელს წერდა: ივანე ჯავახიშვილის უკიდურესი თავმდაბლობა იყო მიზეზი იმისა, რომ ერთხელაც ვერ მოვახერხე მარმარილოში გამომეძერწა მისი წმინდანური სახე. “მიუხედავად ჩემი ყველა ცდისა, მე ვერ შევძელი მისი სკულპტურული პორტრეტი გამომეძერწა. ჩემს ყველა თხოვნაზე ის ერთნაირად პასუხობდა: “მე ძალიან დაკავებული ვარ, არაა საჭირო!”. მაგრამ იმავე დროს, როცა საჭირო იყო დახმარება, ივანე ჯავახიშვილი დაუზარელად აღმომიჩენდა, ყოველთვის გამოყოფდა დროს ამისთვის”.
იაკობ ნიკოლაძემ მხოლოდ 1946 წელს გამოძერწა ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი.

აკადემიკოსი როინ მეტრეველი თავის მონოგრაფიაში “ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი” წერდა: “XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც თავისი დიდი დაღი დაასვა ჟამთასვლას; ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითი უჩვენა თანამედროვეებს, მაგალითი ღრმა მეცნიერული კვლევისა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა, მოძმეთა პატივისცემისა; მოქალაქე და მეცნიერი, რომლის დიდი მცდელობის შედეგია საქართველოში პირველი უმაღლესი განათლების კერის – უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს ისტორიის კვლევის, ქართული ისტორიოგრაფიის სრულიად ახალი ეტაპის დაწყება”.
1953 წელს ივანე ჯავახიშვილის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელი. 1975 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან გაიხსნა ი. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის სასწავლო-მემორიალური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მემორიალი მასალები და სამეცნიერო ლიტერატურა (1998 წელს, თსუ-ის დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, კაბინეტი საფუძვლიანად გაფართოვდა და ახალი ექსპონატებით შეივსო).
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაარსდა ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, რომელსაც 1958 წელს გადაეცა მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები. კაბინეტში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 3,003 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ლიტერატურით. კაბინეტში ინახება უნიკალური ქართული პირველნაბეჭდი წიგნიც – ე. წ. ბაქარის ბიბლია (1743). მემორიალურ კაბინეტში დაცულ ნივთებს მინიჭებული აქვთ სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.
დაწესებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია. ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა ქუჩებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.
1976 წელს საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა დიდი მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილე. დაადგინეს გამოცემულიყო ივ. ჯავახიშვილის თორმეტტომეული სათაურით „ქართველი ერის ისტორია“. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.

Comments

კომენტარები