დიმიტრი ცქიტიშვილი: ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებთან მესამე საჯარო შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარებს და მხარეები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციასა და კონსულტაციის მექანიზმებთან დაკავშირებულ ნორმებს განიხილავენ.

კანონპროექტის ინიციატორები საჯარო შეხვედრებს განხილვებში მხარეთა ფართო მონაწილეობის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისა და მათი პოზიციების მაქსიმალური დაახლოების მიზნით მართავენ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სამუშაო შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებიან. როგორც შრომის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც ჩამოაყალიბებს შრომით კულტურასა და მექანიზმს შრომითი ურთიერთობების ეფექტურად სამართავად. მისივე თქმით, ბიზნესის ნაწილი პოზიტიურადაა განწყობილი და ემხრობა შრომის კოდექსის რეფორმას.

„არ არსებობს ცალსახა, ერთიანი პოზიცია. ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ. ის, რომ რეგულაციები ადრე თუ გვიან დაინერგება, ამაზე ბიზნესთან ვთანხმდებით. საჭიროა, რომ იყოს პროგნოზირებადი გარემო, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები. ეს უკავშირდება ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს,“ – აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ანალოგიური პოზიცია აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესაც. ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, შრომის კოდექსის რეფორმას ემხრობა. მისივე თქმით, აბსურდულია ის მოსაზრება, თითქოს რეფორმა ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

„ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით. მხოლოდ სიდუხჭირის კი არა, უუფლებობის გამოც გარბიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. იკითხეთ თქვენს გარშემო, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა, რას ნიშნავს სამუშაო დრო, შვებულების არ ქონა? როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია. ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე,“ – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე საჯარო შეხვედრა. პარალელურად, კანონპროექტის ინიციატორები მუხლობრივად განიხილავენ დოკუმენტს ბიზნეს ასოციაციების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

Comments

კომენტარები