გიორგი გახარია: რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება

რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სერიოზულად დაზიანებულია, თუმცა საბოლოო ჯამში ზიანი ძალზედ სერიოზულია.

მისივე თქმით, 12 სოფელი იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით კი 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი კვლავ რჩება.

„ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა სოფლებთან, როგორიც არის ღები, პატარა ღები, გლოვო და შოვი, როგორც ჩანს გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან კავშირის აღდგენას მინიმუმ, ერთი თვე დაჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა ერთ კვირაშია შესაძლებელი.

„ყველა ამ სოფელთან კავშირზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დღეიდან დაიწყება სოფლებთან ვერტმფრენებით კავშირი. ვისაც ექნება საჭიროება, ჩვენ მათ სოფლებიდან გამოვიყვანთ, ამ სოფლებს საჭირო პროდუქტებით ორგანიზებულად მოვამარაგებთ, აღნიშნული ოთხი სოფელი ერთი თვე მოწყვეტილი იქნება, რადგან რეალურად მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, სამი სექტორია, დაახლოებით, 250-მეტრიანი, სადაც 4 ხიდია, რომელიც თავიდან არის აღსადგენი. მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით 30 მლნ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ღებსა და პატარა ღებში რამდენიმე მოსახლე მეწყერსაშიშ ზონაშია და შემდგომ ამ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.

Comments

კომენტარები