გაიცანით, ერთადერთი მფრინავი ქალი საქართველოდან

ნადეჟდა ბენკლიანი ერთადერთი ლიცენზირებული მფრინავი ქალია საქართველოში… იგი “მშობლები.ge”-სთან ინტერვიუში ყვება,თუ რატომ აირჩია ეს ურთულესი გზა და როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს…

– 19 წლისა თვითმფრინავს მართავდით, ახლა 26 წლის ხართ და უკვე მეორე წელია პილოტად მუშაობთ… როდის გადაწყვიტეთ ქალისთვის ამ იშვიათი პროფესიის არჩევა?
– მამაჩემი ავიატორი იყო, საბჭოთა ტექნიკაზე დაფრინავდა, ბორტინჟინერი გახლდათ… დაახლოებით 13 წლის ასაკში ფრენა მომიხდა მამასთან ერთად, რომელმაც პილოტების კაბინაში შემიყვანა. იქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, აღვფრთოვანდი. მაშინ მივხვდი, რომ მსურდა მფრინავი გავმხდარიყავი.

– მამას გრაფიკს რომ უყურებდით, რთულად არ გეჩვენებოდათ?
– რა თქმა უნდა, ურთულესი გრაფიკი ჰქონდა: ხშირად ღამის სამ-ოთხ საათზე მოდიოდა სახლში, ან პირიქით – ასე გვიან სახლიდან გადიოდა. ხან დღეში რამდენიმე რეისი ჰქონდა… რასაკვირველია, რეალურად აღვიქვამდი არსებულ სირთულეებს მფრინავის პროფესიასთან მიმართებაში, რაზეც მამას რთული სამუშაო გრაფიკიც მიმანიშნებდა, თუმცაღა ავიაციისადმი თანდაყოლილმა სიყვარულმა და უდიდესმა სურვილმა ეს დაბრკოლებაც გადამალახინა.

– ახსენეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა დაბრკოლება უნდა გადაგელახათ… როგორ დაიწყეთ მიზნისკენ სვლა?
– მე-11 კლასში უკვე ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი ის, თუ რა პროფესიას დავეუფლებოდი, საიდანაც დაიწყო დასახული მიზნისკენ სვლა. სკოლის დამთავრებისთანავე წარმატებით ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ფაკულტეტზე საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია.

– მუშაობა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაიწყეთ?
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში მივედი ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეის”-ში. გასაუბრების შემდეგ ამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მზადდებოდა საბორტო დოკუმენტაცია. ნახევარი წლის შემდეგ ავიაკომპანიაში დაიგეგმა გადამზადება ემბრაერის ტიპის თვითმფრინავზე, სადაც ჩემი კანდიდატურაც წარადგინეს. შერჩევის შედეგად გადამამზადეს ამ ტიპის თვითმფრინავზე, რომელზეც უკვე წელიწად-ნახევარია დავფრინავ. დღესდღეობით, ავიაკომპანიაში ასევე ფრენების უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზეც ვმუშაობ.

mshoblebi

– რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც პირველად ასწიეთ ჰაერში თვითმფრინავი?
– ამ კითხვაზე პასუხი არასოდეს მაქვს, რადგან შეუძლებელია სიტყვებით აღწერო ეს შეგრძნება. თავად უნდა განიცადო ადამიანმა. სასწაული შეგრძნებაა… მახსოვს, რომ ეიფორიაში ვიყავი, აღფრთოვანებული და ემოციებით აღსავსე.

– მგზავრების დამოკიდებულება როგორია თქვენ მიმართ? გულახდილად გითხრათ, მე შემეშინდებოდა…
– ასეთი რეაქცია ბევრს აქვს. მაგალითად, წინა ფრენაზე თვითმფრინავის სალონში გავლა მომიხდა. ერთმა მგზავრმა გაოცებულმა გამაჩერა და მკითხა, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა ის, ვინც მართავდა თვითმფრინავს. როცა ვუპასუხე, რომ კი, მეც ვმართავ-თქო, გაუკვირდა და თითქოს შეეშინდა, თუმცაღა უმეტესად მგზავრებს დადებითი რეაქცია აქვთ, აღფრთოვანებულები არიან, კომპლიმენტებს მეუბნებიან – თუ რა კარგი აფრენა და დაფრენა განვახორციელე, მეუბნებიან, რომ ძალიან ამაყები არიან ჩემით, რაც მე, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს.

– თქვენ თვითონ არ შეგშინებიათ?
– შიშის გრძნობა არასდროს განმიცდია პროფესიის არჩევის დღიდან დღემდე. ის, რასაც უფრო მეტად ვანიჭებ ყურადღებას, როგორც მფრინავი, ალბათ პასუხისმგებლობის გრძნობაა, რაც უპირველესია ამ პროფესიაში. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შიშის ფაქტორი მეორეხარისხოვანია, როდესაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გაბარია.

– ერთადერთი მფრინავი ქალი ხართ ხომ დღეს საქართველოში?
– საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ერთადერთი ლიცენზირებული მფრინავი ქალი ვარ, თუმცა ფაკულტეტი 2-მა გოგომ დავამთავრეთ და ისიც უახლოეს მომავალში შემომიერთდება. უნივერსიტეტში პილოტ-კურსანტ გოგონების რაოდენობამ იმატა, რაც ძალიან მახარებს და იმედი მაქვს ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ მამაკაცებს.

 

Comments

კომენტარები