ბიძინა ივანიშვილი – მთავარი, რაც შვილებს მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას – რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

„ეს მილიარდნახევარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე,  როგორ შეხვდნენ  შვილები  ამ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ისინი სრულიად იზიარებენ მის მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მიიღო.

„მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ.  სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან „ვედომოსტმა“ და არც „ფორბსმა“ დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments

კომენტარები